„ნაციონალური მოძრაობა" ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა" ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ნანა კოსტავასთვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ.

საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა განაცხადეს, რომ ნანა კოსტავამ საკრებულო უნდა დატოვოს.

„მიუღებელია ნანა კოსტავას ფეისბუქპოსტი, რამაც საზოგადოების სამართლიანი განაწყენება გამოიწვია. ეს არ არის პირველი შემთხვევა ქალბატონი ნანასგან და ხდება მსგავსი საკითხების ტირაჟირება. ამიტომ, მივმართავთ საკრებულოს, დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და შეუწყდეს უფლებამოსილება. საკრებულოს გადაწყვეტილება ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არის მცდელობა, ეს საპროტესტო ტალღა როგორღაც გადააგორონ. რეალურად, ნანა კოსტავა რჩება მათი გუნდის წევრად და თანამოაზრეები არიან“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანიამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“

სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და დაიღუპა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.