„ნაციონალური მოძრაობა“ - ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია, სიცრუეზე აგებული ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ საერთო ბრძოლას
„ნაციონალური მოძრაობა“ - ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია, სიცრუეზე აგებული ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ საერთო ბრძოლას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული,ბოლო რამდენიმე დღეა, საზოგადოება თვალ-ყურს ადევნებს სიცრუეზე აგებულ კამპანიას, რომლის მიზანს, ერთის მხრივ წარმოადგენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის ცალკეული ლიდერების დისკრედიტაცია, მეორეს მხრივ კი, ჩვენი თანამოქალაქეების, პარტიის ერთგული მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანას, ხელოვნურად დაპირისპირების გაჩენასა და მთავარი მიზნიდან გადახვევას.

„გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები არის ღია და გამჭვირვალე, შესაბამისად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თითქოს საზოგადოებას აცნობენ პარტიისა და პარტიის თავმჯდომარის ხარჯებს. თავს ვალდებულებად ვთვლით, საზოგადოებას სიმართლე გავაცნოთ. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. ხოლო, თანხა, რომელიც გადახდილია სოციალურ ქსელში კამპანიის საწარმოებლად, გაღებულია უშუალოდ პარტიის თავმჯდომარის პირადი ხარჯებიდან. საყურადღებოა ისიც, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პარტია არ სარგებლობდა ფასიანი სატელევიზიო რეკლამებით. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ პარტიის თავმჯდომარეზე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ის რაიმე სახის ანაზღაურებას იღებს, არის სიცრუე. ნიკა მელია სარგებლობს მხოლოდ დაცვის ერთი თანამშრომლითა და მძღოლით. აღნიშნული ინფორმაცია არის საჯარო და ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, აუდიტის სამსახურის საიტზე, გაეცნოს მას, რაც დაადასტურებს ბოლო დღეებში გააქტიურებული კამპანიის სიყალბეს.

მიმდინარე წელს, პარტიის თავმჯდომარეს, საზღვარგარეთ, სამი ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა – ვილნიუსში, როტერდამსა და ბრიუსელში. აღნიშნული ვიზიტები ემსახურებოდა საქართველოს ინტერესების დაცვას, პოლიტპატიმრების – მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას. ბრიუსელში აქტიური მუშაობის შემდეგ ევროპარლამენტის მიერ გამოიცა რეზოლუცია, რომელშიც ნათლად და მკაფიოდ იყო ნახსენები ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის საქმეები, ასევე დეოლიგარქიზაცია. ნიკა მელია პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის აგრესიის ადრესატ უკრაინაში, სადაც მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და უკრაინელი ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. უკრაინაში ენმ-ს წევრები შეხვდნენ და მოინახულეს ქართველი მებრძოლებიც. გვსურს, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ზემოხსენებული ვიზიტების ხარჯები პარტიის მიერ არ იყო გაწეული.

სიცრუეზე აგებული მსგავსი ქმედებები აზიანებს არა მხოლოდ ცალკე აღებულ პარტიას ან რომელიმე ლიდერს, არამედ ჩვენს საერთო ბრძოლას და გვაშორებს ჩვენი ეროვნულ მიზანს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება. „ხელისუფლებაზე რაღა უნდა ვთქვა, ოპოზიციამ ხალხის ხარჯზე მოიწყო ცხოვრება, სად იყავით ოპოზიციის წევრები, ნიკა მელია ასეთ მაღალ ანაზღაურებას რომ ინიშნავდა“.