„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა

„ნაციონალურმა მოძრაობა-ძალა ერთობაშიამ“ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია- ძალა ერთობაშია“ – ამ გაერთიანებაში ბევრი პოლიტიკური პარტია შედის. აქ არის თვითკმარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ხელში აიღოს ძალაუფლება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. პირველი ნოემბრიდან ქუთაისი იქცევა საპარლამენტო ქალაქად. ქუთაისი იქცევა პოლიტიკურ ცენტრად საქართველოში. ქუთაისის პარლამენტი მიიღებს უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომლის მიხედვით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება სანიმუშო, ეფექტური, მცირე ზომის კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა წარდგენაზე „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ.

„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ არის საკმარისი ქვეყანაში სრული პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად.

„როგორც მაშინ, 2003 წელს ჩვენ ერთობით დავძლიეთ ქვეყნის უვარგისი ხელისუფლება, ახლაც კვლავ ერთობით დავძლევთ. წინ, კოალიციური ხელისუფლებისკენ. მივესალმები გრიგოლ ვაშაძის მთავარ სიტყვას, რომ ამ არჩევნების შედეგად კი არ უნდა დავყოთ საქართველო გამარჯვებულებად და დამარცხებულებად, 51 და 49 პროცენტად, გნებავთ 60 თუ 40 პროცენტად, არამედ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ევროპული, პრურალისტური, მრავალფეროვანი საქართველო. ერთიანობა მრავალფეროვნებაში, ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ მძიმე ამოცანას დავძლევთ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ასევე, შეკრებილებს მიმართა „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ.

„არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები, მაგრამ მოგიწოდებთ ყველას, დღეს ყველანი უნდა გავხდეთ პოლიტიკოსები, რადაგან ჩვენი ქვეყანა დაღუპვის პირას არის და ჩუმად ყოფნა დანაშაულია. თუმცა რაღაც კარგიც ხდება, განსაკუთრებით ქუთაისში, დღეს ჩვენ მაჟორიტარობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძეს წარვადგენთ. გრიგოლი არის ჩემი მეგობარი. შემიძლია ვთქვა, რომ ის არის დიდებული პიროვნება, დიდებული ოჯახის პატრონი, უგანათლებულესი ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი. დარწმუნებული ვარ, ის თავის დაპირებებს შეასრულებს და ქუთაისს ისევ გახდის საპარლამენტო ქალაქად“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, ქუთაისში შეკრებილ მოქალაქეებს უკრაინიდან მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც.

„საქართველოს დიდი აღმშენებლობა ორჯერ დაიწყო სწორედ ქუთაისიდან. ქუთაისში დავდე ჩემი საპრეზიდენტო ფიციც. ძალიან მარტივია. ახლოვდება, იწევა დიდი ნაციონალური ტალღა. ეს არის აღმშენებლობის ტალღა. ჩემთვის მათი ეპოქის სამარცხვინო ნიმუშად რჩება ჩვენი სათაყვანებელი გელათი. არაფერი ახლის შექმნა და გაკეთება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ, გაფუჭებაში ბადალი არ ჰყავთ. ვისაც კიდევ გაქვთ ეჭვები გულში, არც კი გაივლოთ დამარცხებაზე ფიქრი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი