„ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატის დროებით შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე საპარლამენტო რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის შესახებაც პარლამენტში ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

მისი თქმით, რეზოლუციის ტექსტის შეჯერების პროცესში აღნიშნული საკითხიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

„აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი საერთოდ გაუქმდეს. საუბარია იმაზე, რომ ეს ფორმატი დროებით უნდა შეწყდეს, რადგან გაურკვეველია რა შედეგი მოაქვს, თუნდაც შექმნილ ვითარებაში, როდესაც პირდაპირ ჰუმანიტარული საკითხია ცხედრის გადმოსვენება და აღმოჩნდა, რომ ეს ფორმატი არაფერში გვადგება. აღნიშნული ფორმატი გაუმჭვირვალეა და არ ვიცით, რა მანდატი აქვს. ფორმატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მოლაპარაკებები პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილება გვჭირდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს დაიწყოს მოლაპარაკებები, რათა რუსეთისთვის საერთაშირისო სანქციების დაწესების კონტექსტში საქართველოს პრობლემაც აისახოს.

„რაც შეეხება  სანქციებს, შეუსრულებელი საერთაშორისო ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში სანქციების საკითხის განხილვას იწვევს. ამერიკაში ეს საკითხი დაიძრა, საქართველო უკრაინასთან ერთად, მეტნაკლებად ერთ კონტექსტშია მოქცეული. ევროკავშირთან დაკავშირებით ჩვენ სხვა ვითარება გვაქვს. ამიტომ საგარეო უწყებას სასწრაფოდ უნდა დაევალოს შესაბამისი მოლაპარაკებების დაწყება, რომ ჩვენ ვნახოთ რა არის შესაძლებელი იმისთვის, რომ საერთაშორისო სანქციების კონტექსტში, საქართველოს პრობლემა მოექცეს“, – განაცხადა დეპუტატმა.