„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ, რასაც მმართველ პარტიაში ცილისწამებას უწოდებენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ, რასაც მმართველ პარტიაში ცილისწამებას უწოდებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციაში დღეს ბრიფინგი გამართეს, რომელზეც განაცხადეს, რომ მათივე პარტიიდან ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს „ქართული ოცნების“ მხრიდან გადაბირების მცდელობას უკავშირებენ. ბრიფინგზე მათ აღნიშნეს, რომ საკრებულოს წევრის გარდაცვალება შაქრის დონის აწევამ განაპირობა, რაც ნერვიულობის შედეგად იყო გამოწვეული.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძის გადასაბირებლად მასთან მოლაპარაკებებს ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე აწარმოებდნენ, რომლებიც ასლან აბაშიძის ხელისუფლების შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების მაღალჩინოსნები იყვნენ. მათ უკან კი, იდგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში დღეს 46-წუთიანი აუდიოჩანაწერიც წარადგინეს, რომელშიც სავარაუდოდ ყოფილი პოლიციელებისა და საკრებულოს გარდაცვლილი წევრის საუბარი იყო დაფიქსირებული.

„მას ასიათას დოლარს სთავაზობდნენ გადაბირების სანაცვლოდ და 20%-ს სთხოვდნენ შუამავლობაში. ჩვენ 5 ნოემბერს გავაკეთეთ ასეთ ფაქტებზე განცხადება და ეს ჩანაწერი ამის დასტურია. მოვუწოდებთ პროკურატურას, დაინტერესდნენ ფაქტით და ასევე სახალხო დამცველის აპარატისგან ვითხოვთ ჩართულობას“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

აუდიოჩანაწერში თანხის თაობაზე და დავით რიჟვაძის შესახებ საუბარი არ ისმის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ შეთავაზებული თანხისა და რიჟვაძის შესახებ დაწერილ ფურცელზე აჩვენებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას მედიასთან უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. ის ამბობს, რომ ოპოზიციას ბოდიშის მოხდა მოუწევს.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. სწორედ ამ ადამიანის ხსოვნა, მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მისივე თანამებრძოლები. რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ ჩანაწერებს, ბუნებრივია, მე ამაზე და მის შინაარსზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში თუ არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, თემაზე განცხადება გაკეთდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიეჩვია დაუსაბუთებელ ცილისწამებას.

„ჯერ მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა; რომც დადასტურდეს მათი საუბრის ავთენტურობა, მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებს არანაირი შემხებლობა არა აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ და ბათუმის ორგანიზაციასთან. ეს არის ცილისწამება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რასაც აუცილებლად გაეცემა პასუხი“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

​მოგვიანებით, თემაზე კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის რძალმა, გურანდა ბერიძემ და აღნიშნა, რომ არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ოჯახი ამის შესახებ აუცილებლად გააკეთებს განცხადებას. გურანდა ბერიძე ამბობს, რომ მისთვის უცნობია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართული ბრიფინგის შინაარსი, რომელზეც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალარჩეული დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი გახდა ფუტკარაძის გადაბირების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რასაც მისი მხრიდან ნერვიულობა მოჰყვა.

„მე არ ვიცი, რა თქვეს. არანაირი ზეწოლა ჩვენზე არ ყოფილა. ახლა არ მინდა, ვისაუბრო ტელევიზიით, მაგრამ ოჯახი აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა გურანდა ბერიძემ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრის განცხადებით, ნუგზარ ფუტკარაძეს წლების განმავლობაში გული აწუხებდა. ბოლო დღეებში კი, სისხლში შაქრის შემცველობა კრიტიკულად გაიზარდა.

რძლისგან განსხვავებით, გარდაცვლილის დამ, ნაზი ფუტკარაძემ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრია, დღეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის ფაქტი დაადასტურა პარტიის ბრიფინგზე, რომელზეც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტკიცებულების სახით აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც სავარაუდოდ ნუგზარ ფუტკარაძესთან ძალოვანი უწყების ორი ყოფილი თანამშრომელი საუბრობს.