„მზიურში“ მდებარე ყოფილ საბაგიროს შენობას რეაბილიტაცია უტარდება
„მზიურში“ მდებარე ყოფილ საბაგიროს შენობას რეაბილიტაცია უტარდება

საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე ყოფილი საბაგიროს შენობა თანამედროვე ხელოვნების სივრცედ გარდაიქმნება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შენობა იერსახეს შეინარჩუნებს და ფუნქციურადაც ათვისებული იქნება. საბაგიროს შენობაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა მოეწყობა.

„ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება „მზიურის“ პარკში. შარშან დავასრულეთ პარკის სრული რეაბილიტაცია და დავპირდით მოსახლეობას, რომ ეს ნაგებობა – საბაგიროს ყოფილი შენობა, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო, მოწესრიგდებოდა და აღდგებოდა. აქაურობა ნაგვით იყო სავსე, დღეს კი გასუფთავებულია და პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ეს იქნება თანამედროვე გალერეა. მინდა, ანა გოგუაძეს მადლობა გადავუხადო ამ პროექტის და მზიურის პარკის გულშემატკივრობისთვის. ანა თავიდანვე ჩართული იყო პროექტის დაგეგმარებაში, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შინაარსობრივად ეს ყველაფერი. ძალიან სასიამოვნოა, რომ აპრილში პროექტი უკვე დასრულებული იქნება და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ სივრცით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ავტორია „კუბი კონტექსტი“. შენობის რეაბილიტაციას და სხვა სამუშაოებს თბილისის მერია ახორციელებს.

პროექტის მიზანია, ურბანულ სივრცეში შექმნილი მულტიმედიური პლატფორმის მეშვეობით, თანამედროვე ხელოვნების საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრირება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმართვა, საგანმანათლებლო- კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და ხელშეწყობა, თანამედროვე ხელოვნების სფეროში მოღვაწე არტისტებისა და მკვლევარებისთვის სამუშაო გარემოს შექმნა. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები – ირაკლი ბენდელიანი და ანდრია ბასილაია, ასევე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე.