მზის სრული დაბნელებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცა ვარსკვლავთცვენამ „გაანათა“
მზის სრული დაბნელების შემდეგ, ცა პერსეიდების ნაკადმა „გაანათა“
ოთხშაბათის, 12 აგვისტოს, მზის სრული დაბნელებიდან სულ რამდენიმე საათში, ასტრონომიის მოყვარულები კიდევ ერთი ციური სანახაობის მოწმე გახდნენ, როდესაც პერსეიდების მეტეორულმა ნაკადმა – წლის ერთ-ერთმა ყველაზე შთამბეჭდავმა „მეტეორების წვიმამ“ – პიკს მიაღწია. გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA-ს ცნობით, ბნელ ადგილებში, სადაც ხელოვნური განათება ცაზე დაკვირვებას ხელს არ უშლიდა, საათში 100-მდე მეტეორის დანახვა იყო შესაძლებელი. დაკვირვების პირობები წელს განსაკუთრებით ხელსაყრელი გამოდგა, რადგან ვარსკვლავთცვენის პიკი ახალმთვარეობას დაემთხვა.
მთვარის კაშკაშა შუქის არარსებობამ და მოწმენდილმა ცამ გერმანიის უმეტეს ნაწილში დაკვირვებისთვის კარგი პირობები შექმნა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ცა მოღრუბლული მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონში იყო. პლანეტარიუმის დირექტორის, ტიმ ფლორიან ჰორნის განცხადებით, ბერლინშიც კი, სადაც სინათლით „დაბინძურების“ დონე მაღალია, ვარსკვლავთცვენის ხილვა ადგილობრივი დროით 23:00 საათამდე შეიძლებოდა. მისივე თქმით, პლანეტარიუმთან ახლოს, ღია სივრცეში ამ სანახაობის საყურებლად შეკრებილმა ადამიანებმა, ქალაქის კაშკაშა განათების მიუხედავად, რამდენიმე მეტეორი კარგად დაინახეს.
„მეტეორის თითოეულ გაელვებას ადამიანები ხმამაღალი, ენთუზიაზმით სავსე შეძახილებით ხვდებოდნენ“, – დასძინა ჰორნმა DPA-სთან ინტერვიუში.
პერსეიდები ვარსკვლავთცვენის პიკის წინა ღამეებშიც გამოჩნდა. ჰორნმა აღნიშნა, რომ, ამინდის ხელშეწყობის შემთხვევაში, მათი დანახვა მომდევნო ღამეებშიც იქნება შესაძლებელი, მერე კი მეტეორული ნაკადის აქტივობა თანდათან შემცირდება და ის 24 აგვისტოს დასრულდება.
პერსეიდები სწრაფად მოძრავი მეტეორებია, რომლებიც ატმოსფეროში დაახლოებით 60 კილომეტრი წამში სიჩქარით შედიან. ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, განსაკუთრებით კაშკაშა ცეცხლოვან ბურთებად გამოჩნდეს და ზოგჯერ ვენერას სიკაშკაშესაც კი მიაღწიოს. როგორც DPA წერს, ეს ამ მეტეორულ ნაკადს წლის ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მოვლენად აქცევს.