მზია გიორგობიანი – რამდენიმე სკოლამ გვაჩვენა, რომ გვჭირდებოდა საკანონმდებლო ცვლილებები და ეს განვახორციელეთ, რათა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეჩქარებინა სამშენებლო სამუშაოები
21-ე სკოლასთან დაკავშირებით ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გადაუდებელი სამუშაოები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს განათლების სამინისტროს, წლის დასრულებამდე შესაძლებელი იყოს იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ამის პარალელურად მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა სკოლის მდგომარეობასთან მიმართებით, რა სახის სამუშაოების განხორციელება იქნება საბოლოოდ გასატარებელი, დემონტაჟი თუ გამაგრება. ამ ეტაპზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს კვლევა და უკვე მიმდინარეობს იქ სამუშაოები, რომელიც არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. ბავშვის უსაფრთხოება არის ამოსავალი წერტილი და სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპისათვის ხორციელდება, არ გამოიწვევს რამე სახის კითხვის ნიშნებს“, – განაცხადა გიორგობიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაგრძელდება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი სასწავლო წლის მანძილზე, მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის შესაძლოა, ერთი წელი საკმარისი არ იყოს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წელი საკმარისი არ არის. რამდენიმე წელი დასჭირდება რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა, ეს სასწავლო პროცესს შეაფერხებს, პარალელურად იქ სწავლის გაგრძელება ვერ განხორციელდება, უნდა მოხდეს სკოლის დაცლა და შესაბამისად, ბავშვების გადაყვანა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
შეკითხვაზე, როგორ მოგვარდა 166-ე სკოლის და ასევე, მისაქციელის პრობლემა და რატომ გაიწელა დემონტაჟის საკითხი დიდუბის სკოლაში, მზია გიორგობიანმა განაცხადა, რომ განათლების სამინისტროში იყო უშუალოდ სკოლებზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, იყო გადაწყვეტილება მის გაუქმებასთან დაკავშირებით და ეს უბრალოდ არ მოხდებოდა, რადგან გამოწვევები იყო.
მისივე თქმით, 166 სკოლასთან დაკავშირებით გეგმა არის, ახლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს და ამ ეტაპისათვის უკვე დაწყებულია დემონტაჟი.
„ძალიან მინდა, თუნდაც ამ კონკრეტული მაგალითით ზოგადად შეხედოთ ტენდენციას, რა მიმართულებით მივდივართ და რა გვაქვს გაკეთებული. 166-ე სკოლამ და ასევე რამდენიმე სკოლამ, განსაკუთრებით თბილისში, გვაჩვენა, რომ რეალურად, საკანონმდებლო ნაწილში გვჭირდებოდა ცვლილებები სივრცით კონტექსტში, რათა 800 ბავშვზე გათვლილი სკოლა აგვეშენებინა. ჩვენ ეს განვახორციელეთ, შესაბამისად, ამ ცვლილებამ მოგვცა შესაძლებლობა, პროექტი გვქონოდა 800 ბავშვზე. ეს დავალება როდესაც გადმოგვეცა, გარკვეული მონახაზი იყო 800 ბავშვთან მიმართებით, დაწყებული იყო, რომ კონტრაქტორი არსებობდა. ჩვენ ამ ეტაპისთვის უკვე დასრულებული გვაქვს პროექტი, რომელიც უკვე შეთანხმების პროცესებს გადის სხვადასხვა ეტაპზე და დაწყებულია უკვე დემონტაჟი. როგორც მშენებლობას, ასევე დემონტაჟსაც სპეციალური პროექტი სჭირდება, რომელსაც სპეციალური ნებართვა სჭირდება და შესაბამისი მუნიციპალიტეტი გასცემს ამ ნებართვას. უკვე დაწყებული არის პროცესი და დემონტაჟიც მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგობიანმა.
შეკითხვაზე, რა პასუხი აქვს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მე-10 საშუალო სკოლასთან დაკავშირებით, რადგან შვიდი წლის წინ დაანგრიეს სკოლა, სამი წლის წინ დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა და დღემდე არ არის დასრულებული, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ მომიჯნავე ტერიტორია არის კერძო საკუთრებაში, ამ სკოლის მშენებლობა დაწყებულია და ერთი ფლიგელი რომ აშენდეს, გავლენა აქვს მომიჯნავე კერძო საკუთრებაზე მცხოვრებ ადამიანს.
„მასთან ვიდრე არ დარეგულირდება აღნიშნული საკითხი, ჩვენ ის იქ სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობას არ გვაძლევს“, – განაცხადა გიორგობიანმა.
შეკითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა წინასწარ ამ პროცედურების მოგვარება, გიორგობიანმა აღნიშნა, რომ შეიძლებოდა და რეალურად, პრობლემები რომ იყო, იმიტომ გაუქმდა ის ორგანიზაცია განათლების სამინისტროში.
„სამუშაოები იყო გაჩერებული. არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ სხვადასხვა ნორმის მიხედვით, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაეკეთებინა და დაეჩქარებინა სამუშაოები, უწყება ასევე სხვაგვარად ცდილობს, სამუშაოების პროცესი ააწყოს, რათა იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდეს, რომ რომელიღაც სამუშაო არ დასრულდეს იმ დროში, რომელიც იქნება განსაზღვრული ხელშეკრულებით. სამშენებლო კონტრაქტორების გარდა, ჩვენ ასევე გვყავს საზედამხედველო კომპანიები, რომლებიც გააქტიურებული იქნებიან, რათა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოხდეს მშენებლობები. ჩამოვაყალიბეთ მიდგომა, რომ ჩვენ გვექნება მოცულობითი კონტაქტები, იმ შემთხვევაში, თუ არაჯეროვნად იქნება შესრულებული სამუშაოები, მასთან დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ კონტრაქტი. ეს კონტრაქტორს მისცემს განცდას, რომ გარანტირებული არ ექნება ვადის გადაწევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დროში და ხარისხიანად იყოს სამუშაო შესრულებული“, – განაცხადა გიორგობიანმა.