8 დეკემბერს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება – ერთმანეთს თბილისური გუნდები – „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდებიან.
საქართველოს თასის სამგზის მფლობელმა „ლოკომოტივმა“ ფინალში ბოლოს 2005 წელს ითამაშა, სადაც „ზესტაფონი“ 2:0 დაამარცხა. ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა წელს ეროვნულ ლიგაში წარმატებით იასპარეზეს და ევროპის ლიგის საგზურს დაეუფლნენ – ახლა, გუნდი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
„თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით, რადგან ერთ-ერთ გამორჩეულ ქართულ გუნდს ვხდებით. თუმცა, მიმაჩნია, რომ თამაშისთვის მზად ვართ და მოგება შეგვიძლია“ – ამბობს „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე.
ნიკა ჭანტურია, „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი: „ჩვენმი მიზანი ევროსაგზურის მოპოვება იყო და ეროვნული ლიგა ძალიან კარგად დავასრულეთ. მაგრამ სეზონის ტიტულით დასრულება გვსურს და თასის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ხომ 14 წელი ფინალში არ გვითამაშია“.
„ლოკომოტივმა“ ბოლო ვარჯიში საგურამოს ბაზაზე გუშინ ჩაატარა. ლევან კორღალიძის გუნდი დღესვე გორში გაემგზავრა და მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართავს.
8 დეკებერს, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის” მატჩი 15:30 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.