მწვრთნელის გეგმებს იდეალურად ერგება - „ბორდოს“ დავითაშვილის ტრანსფერი მილიონი ევრო დაუჯდება #1TVSPORT
მწვრთნელის გეგმებს იდეალურად ერგება - „ბორდოს“ დავითაშვილის ტრანსფერი მილიონი ევრო დაუჯდება #1TVSPORT

ფრანგულ გამოცემა sudouest-ში გამოქვეყნებული წერილიდან ცნობილი გახდა, ბათუმის „დინამოდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვის შემთხვევაში „ბორდოს“ რა თანხის გადახდა მოუწევს.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. „ბორდომ“ 22 წლის ქართველი შემტევი ბათუმის „დინამოდან“ იჯარის საფუძველზე დაიმატა.

მაგრამ დავითაშვილს საიჯარო ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება. ვითარება კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან არის გასარკვევი – sudouest-ის მტკიცებით, გუნდში სასურველ მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ან ტრანსფერის გამოსყიდვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს, დავითაშვილის ტრანსფერის გამოსყიდვა კი კლუბს მილიონი ევრო დაუჯდება.

„უკვე ცნობილია, რომ მალკოლმ ბოკელემ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა. ჩვენი ინფორმაციით, „ბორდოსთან“ რამდენიმე მოთამაშეს კონტრაქტი ივნისში უმთავარდება – მაგალითად, ზურიკო დავითაშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის საფასური საიჯარო ხელშეკრულებით 1 მილიონი ევროა, რაც მისი ტრანსფერის ავტომატურად გამოსყიდვის ვარიანტს გულისხმობს“, – ამტკიცებს sudouest-ი.

გამოცემა onefootball-ის ავტორი კი დარწმუნებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელის, დევიდ გიონის გეგმებში იდეალურად ჯდება.

„ზურიკო დავითაშვილი ყურადღების ცენტრშია. „ბორდოს“ მარცხენა ფლანგი 22 წლის ქართველმა მოსვლისთანავე გამოაცოცხლა და გულშემატკივრებზე შთაბეჭდილება თავიდანვე მოახდინა. ის შესანიშნავ საგოლე მომენტებს ქმნიდა. გასულ წელს იჯარით ჩამოსული ქართველის ტრანსფერს, დიდი ალბათობით, ადმარ ლოპესი (“ბორდოს“ სპორტული დირექტორი) გამოისყიდის – „ბორდოს“ ამის უფლება გააჩნია. დავითაშვილმა 16 მატჩიდან 13 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ის დევიდ გიონის გეგმებს იდეალურად ერგება“, – ვკითხულობთ onefootball-ის სტატიაში.