მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნულ მუზეუმს დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსელი გადაეცა 
მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეროვნულ მუზეუმს დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსელი გადაეცა 

ორბელიანების სასახლეში ეროვნული მუზეუმისთვის რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, დეკანოზ ლავრენტი წულაძის შესამოსელის გადაცემის ცერემონია გაიმართა. ისტორიული მნიშვნელობის სამოსი საჩუქრად მუზეუმს დეკანოზის ოჯახის წევრებმა გადასცეს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს გვეძლევა საშუალება, ქალბატონ ლედი წულაძეს თანდასწრებით, ოფიციალურად აქ გაიმართოს მისი ოჯახის მიერ ეროვნულ მუზეუმისთვის დეკანოზი ლავრენტი წულაძის შესამოსელი გადაცემა.

იმ დროს, როცა ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა იყოს საქართველოს მომავალი, თავისი ევროპული მომავალი, აუცილებელია, გავიხსენოთ ის, რაც ხდებოდა საქართველოში იმ წლებში, როცა სუფევდა საბჭოთა წნეხი და როგორ ეპყრობოდნენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც იმ დროს ამ ქვეყნის ერთ-ერთ ძლიერ ინტელექტუალურ საფუძველს, ეროვნულ ბაზას წარმოადგენდნენ.

დეკანოზი ლავრენტი წულაძე იმ რეჟიმის მსხვერპლი გახდა. დღეს, მისი ხსოვნა კვლავ არის და ეს ხსოვნა კიდევ უფრო გაძლიერდება მისი შესამოსელის ეროვნულ მუზეუმისათვის გადაცემით. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი უახლოესი ისტორია არა მხოლოდ არ არის დავიწყებული, არამედ დღეს შეიძლება უფრო კარგად გავიაზროთ, თუ რას ნიშნავდა ეს და რამდენად გვავალდებულებს.

მეხსიერება იმ წლების, იმ ძალიან მძიმე წლების არ უნდა დაიკარგოს. ეს ისტორია დიდწილად ოჯახებშია შენახული. ჩვენ რაღაც ფორმით უნდა შევაგროვოთ ეს ოჯახური მეხსიერება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში დეკანოზ ლავრენტი წულაძის მემორიალური ნივთები, ფოტოები და საარქივო მასალა გამოიფინა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.