მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ კიდევ ორ პირს საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ

17:08, 13.10.2026

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

მათი საქმე სასამართლომ ცალკე წარმოებად გამოყო.

მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმება ხელმოწერილია და ორი კვირის ვადაში გაფორმდება.

საპროცესო შეთანხმების პირობების მიხედვით, მათ ერთი წელი და ერთი თვე – პატიმრობა, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ.

შესაბამისად, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპატიმრო დაწესებულებას რამენიმე კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილი თავად გამოთქვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ამასთან, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ორ მსჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას.

გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მსგავსი