მუნდიალების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი - დაბადებული მაროკოში, დედით ესპანელი, რომელმაც საფრანგეთს ბრინჯაო მოუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ბომბარდირმა, ჟუსტ ფონტენმა 1958 წლის მუნდიალზე 13 გოლი გაიტანა, ეს შედეგი კი დღემდე ვერავინ გააუმჯობესა. ერთ ჩემპიონატზე ამდენი გოლი არავის გაუტანია.

ფონტენი 1933 წლის 18 აგვისტოს მარაკეშში (მაროკო) დაიბადა. მისი მამა ნორმანდიელი ფრანგი იყო, დედა კი – ესპანელი. 2013 წელს, 80 წლის ასაკში, ფონტენი საპატიო ლეგიონის ოფიცერი გახდა.

მან კარიერა მშობლიურ ქალაქ მარაკეშის სამოყვარულო კლუბში დაიწყო, შემდეგ გადავიდა უფრო ძლიერ „კასაბლანკაში“, საიდანაც ისტორიულ სამშობლოში, საფრანგეთში მოხვდა. „ნიცამ“ პირველ სეზონში ფონტენთან ერთად მოიგო საფრანგეთის თასი, 1956 წელს კი – ჩემპიონობა. ის იმავე წელს გადავიდა „რეიმსში“ რაიმონდ კოპას ნაცვლად და ექვს სეზონში 121 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში, ფონტენს ლიგის 200 თამაშში 165 გოლი მოუგროვდა და ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა – 1956, 1958, 1960, 1962 წლებში.

ფონტენის დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში შედგა 1953 წლის 17 დეკემბერს, ლუქსემბურგთან მატჩში (8:0), სადაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. თუმცა, მან ეროვნული ნაკრების შემდეგი მატჩი მხოლოდ 1956 წლის შემოდგომაზე ითამაშა, ხოლო გოლი მხოლოდ 1958 წლის გაზაფხულზე გაიტანა.

1957/58 წლების სეზონში ფონტენი საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (34 გოლი 26 მატჩში), მაგრამ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც შედარებით ნაკლებად ცნობილი მოთამაშის სახელით წავიდა.

ტურნირის პირველსავე მატჩში ჟუსტმა ჰეთ-თრიკი შეასრულა პარაგვაის წინააღმდეგ (7:3), ორჯერ გაუტანა იუგოსლავიას (2:3), ერთხელ – შოტლანდიას (2:1). მეოთხედფინალში ჩრდილოეთ ირლანდიასთან დუბლი შეასრულა (4:0). ნახევარფინალში მე-9 წუთზე მან ბრაზილიასთან მატჩში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ ახალგაზრდა პელემ ბრაზილიისთვის ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფონტენმა ვეღარ გაიტანა და საფრანგეთმა 2:5 წააგო. გერმანიასთან მესამე ადგილისთვის მატჩში ფონტენმა პოკერი შეასრულა, ფრანგებმა კი 6:3 მოიგეს.

მთლიანობაში, 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 6 მატჩში ფონტენმა 13 გოლი გაიტანა, რაც დღემდე ერთი ტურნირის რეკორდია მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში. ამავე წელს ჟურნალმა France Football-მა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში იგი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში დაასახელა.

მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების ჯამური რაოდენობით ფონტენი ლიდერობდა 1974 წლამდე, სანამ გერდ მიულერმა არ გაუსწრო. მან 1959 წელს ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც „რეიმსი“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა, თავად ფონტენი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 10 გატანილი ბურთით.

ფონტენმა ეროვნულ ნაკრებში შვიდი წელი ითამაშა, 21 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა, სამი ჰეთ-თრიქი და ერთი პოკერი შეასრულა. ნაკრებში ბოლო მატჩი მან 1960 წლის 11 დეკემბერს ბულგარეთის ნაკრებთან ჩაატარა (3:0).

ფონტენი კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელად (1967 წელს), მაგრამ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, ორივე ამხანაგური და ორივე მისი გუნდის მარცხით დასრულდა. ის ასევე წვრთნიდა ფრანგულ კლუბებს და მაროკოს ეროვნულ ნაკრებს.


ჟუსტ ფონტენი


დაიბადა: 1933 წლის 18 აგვისტოს (89 წლის) მარაკეშში, მაროკოში

საფრანგეთის მოქალაქე

სიმაღლე: 174 სმ

პოზიცია: თავდამსხმელი

ახალგაზრდული კლუბი

„მარაკეში“, მაროკო

საკლუბო კარიერა

1950-1953 კასაბლანკა 48 (62)

1953-1956 ნიცა 69 (43)

1956-1962 რეიმსი 131 (122)

სულ კარიერაში

1950-1962 წლები 248 მატჩი (227 გოლი)

ეროვნული ნაკრები

1953-1960 საფრანგეთის ნაკრები

სამწვრთნელო კარიერა

1967 საფრანგეთის ნაკრები

1968-1969 ბანერ-დე-ლუშონი

1973-1976 პარი სენ-ჟერმენი

1978-1979 ტულუზა

1979-1981 მაროკოს ნაკრები

საერთაშორისო მედლები

ბრინჯაო – 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატი