მუნ ჯე ინი - კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე დიალოგი უნდა განხორციელდეს
მუნ ჯე ინი - კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე დიალოგი უნდა განხორციელდეს

კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ დიალოგი და ორ ქვეყანას შორის კონტაქტების განვითარების საკითხი, პარალელურად უნდა განხორციელდეს.

ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კორეამ და აშშ-მა მჭიდროდ ითანამშრომლონ.

მუნ ჯე ინის განცხადება აშშ-ის პრეზიდენტის უფროს მრჩევლთან, ივანკა ტრამპთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხზე გაწეული ძალისხმევა ბოლო 25 წლის განმავლობაში უშედეგო იყო.

თავის მხრივ, ივანკა ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული დელეგაციის ვიზიტი გაამყარებს, მტკიცე კავშირს აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის და გააძლიერებს მეგობრობასა და სოლიდარობას ორ ერს შორის.

ივანკა ტრამპის თქმით, აშშ მხარს უჭერს სამხრეთ კორეის ძალისხმევას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე.

ივანკა ტრამპის ხელმძღვანელობით, ამერიკული დელეგაცია სამხრეთ კორეაში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფება.