მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა
მუხროვანში რეინჯერების კურსის დახურვის ცერემონია გაიმართა

მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში რეინჯერთა კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით მიმართვისას თავდაცვის ძალების მეთაურმა რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და რთულ და საპასუხისმგებლო როლზე ისაუბრა. პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.

მსმენელებისთვის სერტიფიკატებისა და სამხრე ნიშნების გადაცემის შემდეგ, ღონისძიება საჩვენებელი სწავლებით გაგრძელდა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, რეინჯერებმა რეიდის ოპერაცია განახორციელეს, რომელშიც ქვეითთა საბრძოლო მანქანა „დიდგორი“ და ფუჭი ვაზნების გამოყენებით M-4 და PK ტყვიამფრქვევები იყო ჩართული.

საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში სტუმრებს კურსის მიმდინარეობის შესახებ სპეციალურად მომზადებული ვიდეოკოლაჟის ნახვისა და აღჭურვილობის დათვალიერების, ასევე, ხელჩართულ ბრძოლაში შეჯიბრის ხილვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის, რეინჯერთა მომზადების სკოლის მე-8 გამოშვება 57 სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. სწავლება ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მას სპეცდანიშნულებისა და და რეინჯერების მომზადების სკოლის 20 ინსტრუქტორი უძღვებოდა. კურსი სამედიცინო, ტოპოგრაფიულ, სამთო, საინჟინრო, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისგან შედგებოდა.