მუხიანში, 8 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 და N34 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა.
„სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი – დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანებას – ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.