მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს
მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს

მთის კურორტები ზამთრის სეზონს ახალი ინფრასტრუქტურით ხვდება. მთის კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის სეზონისთვის.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს. სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. მოხდა არსებული ამორტიზირებული საბაგიროს დემონტაჟი, აქტიურად მიმდინარეობს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი.

ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი. საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი 1421 მეტრი. ეს გახლავთ 10-ადგილიანი გნდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამში, 1406-მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და სამი მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს.

მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტის საბაგიროს კი სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია. კურორტ თეთნულდზე არსებულ ერთსართულიან საკვებ ობიექტზე მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომაც მოხდება მისი აღდგენა. რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) შეეცვლება ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით.