მთავრობის საქმიანობის წესის შესახებ კანონში ტერმინი „კონტრასიგნაცია“ ტერმინ „თანახელმოწერით“ შეიცვლება
ტერმინი „კონტრასიგნაცია“ იცვლება ტერმინით „თანახელმოწერა“, – აღნიშნული ცვლილება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტშია მოცემული, რომელის განხილვაც დღეს საკანონმდებლო ორგანომ დაიწყო.
კანონპროექტის თანახმად, ერთ-ერთ მუხლი სადაც კონტრასიგნაციაზე იყო საუბარი, შემდეგი რედაქციით ყალიბდება – „საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ- მინისტრის თანახელმოწერას. თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით“.
ცვლილებები შედის კანონის იმ მუხლშიც, რომლითაც განისაზღვრება შემთხვევები,რაც კონტრასიგნაციას არ საჭიროებს. მეოთხე მუხლი კანონპროექტის თანახმად მეოთხე მუხლი ასე ყალიბდება – „თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება: ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას; დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას; ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას; თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას“.
ცვლილებების თანახმად, ასევე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრეზიდენტის ბრძანების ან დეკრეტის თანახელმოწერაზე პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების/დეკრეტის გადაცემისთანავე და საკითხი აღარ თანხმდება მთავრობასთან.