მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი გეგმის თანახმად, საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების, სამი ეროვნული პარკისა და ერთი აღკვეთილის შექმნა იგეგმება
საქართველოში ახალი დაცული ტერიტორიების, სამი ეროვნული პარკისა და ერთი აღკვეთილის შექმნა იგეგმება. აღნიშნულის შესახებ მთავრობა საკუთარ გეგმაში საუბრობს, რომელიც პარლამენტს წარუდგინა და მასში გაწერილია, რა კანონპროექტების მომზადებას აპირებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, 49 623 ჰა-ზე იქმნება „მყინვარის ეროვნული პარკი“; ლენტეხის მუნიციპალიტეტში, 20 392 ჰა-ზე „ლენტეხის ეროვნული პარკი“ და ცაგერის მუნიციპალიტეტში, 15 737 ჰა-ზე „ლეჩხუმის ეროვნული პარკი“; 2 283 ჰა-ზე კი, „ხვამლის აღკვეთილი“.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ათი ახალი ბუნების ძეგლების შექმნაც. კერძოდ, ცაგერის მუნიციპალიტეტში იქნება – „საირმის სვეტების ბუნების ძეგლი“; „ღვირიშას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“ და „რაჩხას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“. მესტიის მუნიციპალიტეტში იქნება – „წანერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ტვიბერის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ლეირაყის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „ლათაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი“, „უშბის (შდუგრას) ბუნების ძეგლი“, „ლთნარის ტბის ბუნების ძეგლი“ და „ნამყვამის ტბის ბუნების ძეგლი“.
მთავრობა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული დაცული ტერიტორიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისათვის და აღნიშნულ ტერიტორიზე გავრცელებულია – 61 ძუძუმწოვრის სახეობა, საქართველოს ფარგლებში მობუდარი ფრინველის 155 სახეობა, ქვეწარმავლის 15 სახეობა, ამფიბიის ცხრა სახეობა.