მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პარლამენტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაირკვა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, პარლამენტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. შაბათს მუშაობა ფრაქციების რეჟიმში წარიმართება, კვირას კი, პლენარული სხდომა გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რა პროცედურები იქნება პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება.
„შემდგომი პროცედურა გვაქვს, რომ განვიხილოთ ნდობის გამოცხადებამდე კომიტეტების ფორმატში სამთავრობო პროგრამა, ასევე მოვუსმინოთ კანდიდატებს და შემდგომში გაიმართება შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ფრაქციებთან. მხოლოდ ამის შემდგომ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტი განიხილავს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.
შესაბამისად, შემდეგი საკითხი საორგანიზაციო საკითხებში არის საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებსა და პლენარულ სხდომაზე განხილვის გრაფიკი. თქვენ ყველას გაქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ საზოგადოებისთვის და ასევე ოპოზიციისთვის მინდა განვმარტო, რომ ჩვენ საკომიტეტო განხილვებს დავიწყებთ ხვალ, რაც ნიშნავს იმას რომ საკმარისი დრო ექნება ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გაეცნონ წარმოდგენილ პროგრამას და მოემზადონ საკომიტეტო განხილვებისთვის და ასევე საკომიტეტო განხილვებიც არ შედგება პარალელურ რეჟიმში, რაც მისცემს დეპუტატებს იმის საშუალებას, რომ კოლეგები, რომლებიც ორ სხვადასხვა კომიტეტში არიან წევრებად დაესწრონ, როგორც ერთ, ასევე მეორე ბლოკის განხილვებს. სულ გაიმართება კომიტეტების შეხვედრები ოთხ ბლოკად. ეს არის საგარეო ბლოკი, ეს არის სოციალური ბლოკი, ეს არის მართლმსაჯულებისა და ძალოვანი ბლოკი და ეს არის ეკონომიკური ბლოკი. ამ ყველაფერს დაეთმობა სრული ორი დღე. შემდგომში უკვე შედგება შეხვედრები ფრაქციებთან და ფრაქციების შეხვედრებსაც დაეთმობა ორი დღე. ეს არის რეგლამენტით გათვალისწინებული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.