მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს
მთავრობის ადმინისტრაციიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ბრიფინგების საერთო სიგნალის ტელევიზიებისთვის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ტელევიზიებისთვის საერთო სიგნალის მიწოდებას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.

„ჟურნალისტების დაცულობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს პირველ არხს, საზოგადოებრივ მაუწყებელს. საქართველოს პირველმა არხმა მოგვცა იმის საშუალება, რომ თითოეულმა მაუწყებელმა საერთო სიგნალი მიიღოს და გაავრცელოს“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, წინასწარ მიაწოდონ კითხვები მთავრობის პრესსამსახურს.

„ოპერატიულ რეჟიმშიც შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ, თქვენთვის ნებისმიერ შეკითხვას ვუპასუხოთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.