მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს [ვიდეო]

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეები არიან.

„თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილემ მიმართა კონტრაქციის მონაწილეებს: „რუსეთში წადი“, რასაც მოწინააღმდეგე მხრიდან ნივთის სროლა მოჰყვა. პოლიციამ რამდენიმე პირი სწორედ ამის მერე დააკავა.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიერ აქციის დაანონსების მერე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლაა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები თავისუფალი თეატრის მხარეს იმყოფებიან და კონტრაქციის წარმომადგენლებს მოუწოდებენ – „არა ძალადობისკენ“.

აქციებზე პერიოდულად ვითარება იძაბება.