მთავრობამ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა
მთავრობამ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დაამტკიცა.
პროგრამის ბენეფიციარები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში სწავლობენ და ისწავლინ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

დაფინანსებას მიიღებენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის სტუდენტები.

მთავრობის დადგენილების თანახმად, დაფინანსება განხორციელდება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტები და ახალგაზრდების წახალისების“ პროგრამის „ცოდნის კარის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან.

 პროგრამას ადმინისტრირებას უწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი. დეპარტამენტი აფორმებს ხელშეკრულებას იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელშიც ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსთვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პროგრამა ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილება, დღეს, 6 თებერვალს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.