მთავრობამ პარლამენტს „თავდაცვის კოდექსი“ წარუდგინა
მთავრობამ პარლამენტს „თავდაცვის კოდექსი“ წარუდგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს „თავდაცვის კოდექსი“ წარუდგინა, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

საკანონმდებლო ინიციატივა რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს. ერთ-ერთია 2024 წლიდან სამინისტროსთვის ვალდებულების დაწესება, რომ სამხედრო მოსამსახურეთათვის ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, უზრუნველყოს საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და კრიტერიუმების მიხედვით.

თავდაცვის უწყებას მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეთათვის სოციალური გარანტიის ზრდას და მოტივაციის ამაღლებას.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელი ფართების (ბინების) მშენებლობასთან დაკავშირებული ნორმა 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, რადგან სამხედრო მოსამსახურეთათვის ბინების მშენებლობის პროექტი ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს, პირველი ეტაპი თითქმის დასრულების სტადიაზეა და 2023 წლიდან იგეგმება მეორე ეტაპის დაწყება.