მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა - „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ფინალი შეაფასეს #1TVSPORT
მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა - „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ფინალი შეაფასეს #1TVSPORT

რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავმა ლომმა“ „თელ-ავივ ჰითი“ 27:17 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა.

მატჩის შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ თამაში შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი – „ფინალი არ არის მარტივი სათამაშო. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, შეიძლებოდა, მარტივი თამაში გამოსულიყო, მაგრამ მეორე ნახევარში, როცა კერვალიშვილმა წითელი ბარათი მიიღო და კაცნაკლულნი დავრჩით, წნეხის ქვეშ მოვექეცით, სათამაშო დისციპლინაც აგვერია.

უნდა აღვნიშნო, რომ „თელ-ავივი ჰითი“ საკმაოდ ძლიერი გუნდია, ამ ტურნირში მონაწილე სხვა გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას და მათთან მოგება იოლი არ არის. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს ბრძოლისთვის, გულშემატკივრებს კი მხარდაჭერისთვის“.

მერაბ შარიქაძე – „ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მძიმე თამაში გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ კომფორტული სხვაობით ვიგებით, მაგრამ მეტოქემ მოახერხა თამაშში დაბრუნება და წამოგვეწია, რასაც თავისი მიზეზები აქვს. დავიღალე მსაჯებზე ლაპარაკით, მაგრამ ვერ გავიგეთ კერვალიშვილი რატომ გააძევა. თუმცა ახლა ამაზე საუბარი აღარ ღირს, მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და ზედიზედ მესამედ მოვიგეთ რაგბი ევროპის სუპერთასი“.