Forebs-ის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვიდეობლოგერი 8 წლის ბავშვია. ამერიკელმა რაიანმა მხოლოდ შარშან Youtube-ზე საკუთარი ბლოგით 22 მილიონი დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.
Forbes-ის შეფასებით, რაიანმა და მისმა არხმა სახელწოდებით RayanToysReview-მ შარშანდელ გამარჯვებულ ჯეიკ პოლს შემოსავლებით 500 ათასი დოლარით გადაუსწრო.
მესამე ადგილზე რეიტინგში მოხვდა არხი სახელწოდებით Dude Perfect, რომლის შემქმნელმაც შარშან 20 მილიონი დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო.
მშობლების რაიანის ვიდეობლოგს თითქმის ყოველდღე ანახლებენ. ვიდეოში ის სხვადასხვა ახალ სათამაშოებს ტესტავს. რაიანის ვიდეოებს ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი უყურებს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ის „გიგანტური ცისფერი მაგიური კვერცხში“ ჩადებული სათამაშოების შესახებ უყვება მაყურებელს, სამ დღეში 17-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
შემოსავლის დიდი ნაწილი რეკლამაზე მოდის. აღსანიშნავია, რომ 2017 წელთან შედარებით, რაიანის შემოსავლები გაორმაგებულია. მის მიერ მიღებული შემოსავალი არ იბეგრება, ის არ უხდის ჰონორარებს იურისტებს და აგენტებს.
NBC-ისთან ინტერვიუში მცირეწლოვანი ბლოგერი ამბობს, რომ მისი ვიდეოების ყურება ხალხს იმიტომ მოსწონს, რომ „ის მხიარული და სასაცილოა“
რაიანის არხი Youtube-ზე 2015 წელს დარეგისტრირდა, მას შემდეგ ბიჭუნას ვიდეოები 26 მილიარდჯერ ნახეს. დღეს არხს 17,3 მილიონი გამომწერი ჰყავს.
იმის გამო, რომ რაიანი არასრულწლოვანია, შემოსავლების 15%-ს სპეციალურ ანგარიშზე აგროვებენ და ამ თანხის გამოყენება ბლოგერს 18 წლის ასაკიდან შეეძლება.
რაიანი არ არის ერთადერთი ბავშვი, რომელმაც Youtube-ზე ბლოგერობით სოლიდური შემოსავალი მიიღო. შარშან ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვიდეობლოგერების სიაში დანიელ მიდლტონი მოხვდა, რომელიც Minecraft-ს თამაშობს. მან ერთ წელიწადში 16,5 მილიონი დოლარის ოდენობით შემოსავალი მიიღო. წელს Forbes-ის რეიტინგში ის მეოთხე ადგილზე მოხვდა.