მსოფლიოს თასი 2023 | უკრაინის ნაკრები ამერიკელი ლეგიონერით გვეწვევა #1TVSPORT
მსოფლიოს თასი 2023 | უკრაინის ნაკრები ამერიკელი ლეგიონერით გვეწვევა #1TVSPORT

უკრაინის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოსთან მატჩისთვის მზადება დაიწყო, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა კი ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი დაიმატა.

საინტერესოა, რომ უკრაინელთა წინასწარ განაცხადში ნატურალიზებული მოთამაშე არ ფიგურირებდა, თუმცა, მას მერე, რაც ვიაჩესლავ ბობროვმა ტრავმა მიიღო, ბუდიველნიკიდან სასწრაფო წესით ჯერომ რენდლს უხმეს. 34 წლის უკანახაზელი უკრაინის ნაკრებისთვის ახალი სახე სულაც არაა. მან ევროპული ქვეყნის მაისურით უკვე ითამაშა ევრობასკეტი 2015-ზე, სადაც საშუალოდ 13.2 ქულა, 2.0 მოხსნა და 4.4 პასი ჰქონდა. ჯერომმა ასევე მონაწილეობა მიიღო ევრობასკეტი 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩებში.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს სურდა „ზაპოროჟიეს“ ამერიკელი უკანახაზელის, მაიკლ კეფის დამატება, მაგრამ მისი ნატურალიზება ვერ მოხერხდა.

საინტერესოა, რომ რენდლს კარიერის განმავლობაში ოცამდე კლუბის ღირსება დაუცავს, რომელთაგან კაუნასის „ჟალგირისი“ (ლიეტუვა), „ლიმოჟი“ (საფრანგეთი), „ლოკომოტივ-ყუბანი“ (რუსეთი), „ფუენლაბრადა“ და „ბეტისი“ (ორივე ესპანეთი) უნდა გამოვარჩიოთ. უკრაინის ნაკრების პირველ ვარჯიშში მონაწილეობა ყველა გამოძახებულმა კალათბურთელმა მიიღო, გამონაკლისი კი ლეგიონერები – არტიომ პუსტოვოი და ვოლოდიმირ გერუნი იყვნენ. მათ დასვენების საშუალება მიეცათ.

უკრაინელები თბილისისკენ გეზს ხუთშაბათს აიღებენ, საქართველოს ნაკრებთან თამაში კი, პარასკევს, 26 ნოემბერს შედგება. ამავე დღეს G ჯგუფის ეგიდით ჩრდოლოეთ მაკედონია ესპანეთს უმასპინძლებს. 29 ნოემბერს საქართველო სწორედ ესპანეთში ითამაშებს, უკრაინა კი მაკედონიელებს დაუხვდება. მომდევნო ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.

უკრაინელთა გაფართოებული შემადგენლობა, საიდანაც საქართველოში 12 კალათბურთელი გამოემგზავრება:

უკანახაზელები: დენის ლუკაშოვი, ილია სიდოროვი, ოლეკსანდრ ლიპოვი (ყველა – პრომეთეი), ვიტალი ზოტოვი, იუსუფ სანონი (ორივე – დნეპრი), ოლეკსანდრ კობეცი (ბუდიველნიკი), ვიაჩელავ ბობროვი (ბუდიველნიკი).

ფორვარდები: ბოგდან ბლიზნიუკი (ბუდიველნიკი), ივან ტკაჩენკო (ჩერკასკი მავპი), ანდრეი ვოინალოვიჩი (კიევ-ბასკეტი), სერგეი პავლოვი (ორივე – დნეპრი), ვიაჩესლავ პეტროვი (პრომეთეი).

ცენტრები: ვოლოდიმირ გერუნი (ბუიუჩეკმეჩე, თურქეთი), დმიტრო სკაპინცევი (კიევ-ბასკეტი), არტიომ პუსტოვოი (გრან კანარია, ესპანეთი).