მსოფლიოს თასი 2023 | გიორგი ქართველიშვილი - საქართველოს ნაკრები თებერვლის მატჩს ახლად აშენებულ არენაზე უმასპინძლებს #1TVSPORT
ესპანეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.
ჩვენი გუნდი საწყის ორ მატჩს ნოემბერში გამართავს, მომდევნო ორს – თებერვალში, დასკვნით ორს – ივნისის ბოლოს. ჯგუფიდან სამი საუკეთესო გავა და განაგრძობს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ ქართველ გულშემატკივარს იმედი გაუჩინა, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მეორე ცდაზე მოიპოვებს, თუმცა იმედთან ერთად უამრავი შეკითხვაც გაჩნდა.
სწორედ ქომაგისთვის საინტერესო შეკითხვებით მივმართეთ კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან, ფიბა-ს ბორდის წევრ, გიორგი ქართველიშვილს.
ბაბლი?
კორონავირუსის პანდემიის გამო ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი მატჩები „ბაბლის“ სისტემით იმართებოდა – გუნდები ერთ ქალაქში იკრიბებოდნენ, გარე სამყაროსთან იზოლაციაში ცხოვრობდნენ და თამაშობდნენ. ყოველ ფანჯარაში ერთი გუნდი ორ მატჩს მართავდა.
საინტერესოა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებიც „ბაბლის“ პრინციპით ჩატარდება?
„ვინაიდან შესარჩევის პირველი ფანჯარა ნოემბერშია, დღეს ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ფიბა უშუალოდ ნოემბერში გადაწყვეტს იქნება თუ არა „ბაბლი“. თუ ევროპაში კოვიდ-მდგომარეობა საშუალებას მისცემს, ნებისმიერ ნაკრებს სურს შინ თამაშის უპირატესობა გამოიყენოს. ასევეა საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც პირველი შეხვედრა თბილისში უკრაინასთან ელის“, – გვითხრა გიორგი ქართველიშვილმა.
კალენდარი
ბატონმა გიორგიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნაკრების კალენდარზე. ფიბა-სა და ევროლიგას შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებში ნაკრებებს ევროლიგის კალათბურთელები ვერ დაეხმარებიან.
ამ დროს გამორიცხულია ამერიკაში მოასპარეზე მოთამაშეების ჩამოსვლაც, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვერც ჩვენს მეტოქეებს დაეხმარებიან ევროლიგელი და ამერიკაში მოთამაშე კალათბურთელები.
„კალენდარი ჩვენთვის მისაღებია. პირველი მატჩი თბილისში უკრაინასთან გვაქვს. აუცილებლად მოსაგებია. შემდეგ ვეთამაშებით ესპანეთს, რომელსაც ლიდერები ვერ დაეხმარებიან და ამ მატჩს უიმედიდ სულაც არ ვუყურებ.
თებერვალში შინ და სტუმრად მაკედონიას ვეთამაშებით. ეს ის დროა, როდესაც საქართველოში ახალი დარბაზი დასრულებული იქნება და მაკედონიას სწორედ ახალ არენაზე ვუმასპინძლებთ. ეს დამატებითი სტიმული იქნება ქართველი კალათბურთელებისთვის.
რაც შეეხება ივნისის ორ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იქნება – ჩამოვლენ ამერიკაში მოთამაშე ლეგიონერები და მაქსიმალური შედეგი უნდა ვუჩვენოთ როგორც სტუმრად უკრაინასთან, ისევე თბილისში ესპანეთთან. ესპანელებსაც საბრძოლო შემადგენლობა ეყოლებათ და გულშემატკივარი უმაღლესი ხარისხის კალათბურთს იხილავს“.
შენგელია
მთავარი შეკითხვა შენგელიას ეხება. ევროლიგურ ცსკა-ში გადასვლისას ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვით კლუბს აქვს ვალდებულება თორნიკე ნაკრების მატჩებზე გამოუშვას. შენგელიამ შარშან ნოემბერში ითამაშა ეროვნული გუნდის მაისურით, თებერვალში კი ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.
გიორგი ქართველიშვილს მოვუსმინოთ:
„ქართველ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ თორნიკე ყოველთვის მზადაა სიხარულით ჩამოვიდეს საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. მისი ცსკა-სთან კონტრაქტი ამას ითვალისწინებს და შენგელიასი ჩვენც გვეიმედება.“
ლეგიონერი
რომელი ამერიკელი დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე? ეს არის შეკითხვა, რომელიც, ალბათ მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს უნდა დავუსვათ. თუმცა მატჩებამდე სამი თვით ადრე ზოგადი პასუხი მაინც გვაქვს:
„ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ ორი ვარიანტი – კონერ ფრენკამპი და თად მაკფადენი. პირველი ევროლიგის გუნდ „ზენიტში“ ასპარეზობს. შესაბამისად, ნოემბრისა და თებერვლის ფანჯრებში ვერ დაგვეხმარება. თუმცა გვყავს თად მაკფადენი, რომელიც საქართველოს ნაკრებს კარგად შეერწყა და ჩვენც მისი დიდი იმედი გვაქვს. აქვე დავამატებ, ეს ის თემაა, რომელიც თავიდან ბოლომდე მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადასაწყვეტია“.