მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოება 8 მაისს თბილისში გაიმართება
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოება 8 მაისს თბილისში გაიმართება

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 8 მაისს თბილისში გაიმართება. ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, მსოფლიოს ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება, აქამდე სპორტის არცერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.

ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა. ლაშა ტალახაძემ გულშემატკივართა გამოკითხვაში, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული 9 804 ხმით დაისაკუთრა.

დაჯილდოების ცერემონიის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილს, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნოდარ სირბილაშვილს და გენერალურ მდივან რამაზ გურგენიძეს შეხვდა.

მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაჯილდოების ცერემონიის ტრანსლაციის ორგანიზებას გეგმავს. ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც გააშუქებენ.

მიხეილ გიორგაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრი) : „ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ჩვენთვის ყველასთვის საამაყო სპორტსმენია. ლაშას სპორტული მიღწევები ნამდვილად უნიკალურია, მას მთელს მსოფლიოში აღიარებენ და დიდი პატივს სცემენ როგორც განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ძალოსანს, რომელსაც წინ კიდევ დიდი გამარჯვებები ელის.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად სასიხარულოა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად სწორედ ლაშა ტალახაძე დაასახელა. ახლა კი უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, 8 მაისს თბილისში გაიმართება, საქართველოსა და ლაშა ტალახაძის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

დღეს, სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ძალოსნობის ფედერაციასთან და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებზე ვისაუბრეთ. მნიშვნელოვანია, რომ 8 მაისს თბილისში გვეწვევიან ძალოსნობის საერთშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ასე რომ, ძალოსნობის მოყვარულებს წინ წინ კიდევ ერთი საამაყო და სასიმაოვნო დღე ელით“

თიკო ბერძენიშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილე) : „პირველ რიგში მსურს ხაზი გავუსვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტის და ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის აქტიური მხარდამჭერია. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების პირდაპირი ეთერით დაგაცემა ჩვენთის ძალზე მნიშვნელოვანია, თითქმის ყველა დიდ სპორტულ ღონისძიბას საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკლუზიურად სთავაზობს მის მაყურებელს და ჩვენი მაყურებელიც შეჩვეულია ასეთ სიურპრიზებს, რომელიც მაისში გველოდება. ლაშა ტალახაძე ჩვენი ქვეყნის ნამდვილი გმირია და დარწმუნებული ვარ, მაისში ყველას ერთად კიდევ ერთი დიდი საზეიმო დღე გველოდება.“

წყარო: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო