მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი | „ჩელსი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ არხზე #1TVSPORT
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი | „ჩელსი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ პირველ არხზე #1TVSPORT

13 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და კიდევ ერთი ტიტულის მოგებას შეეცდება – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, „პარი სენ-ჟერმენი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებულს, ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

მეტლაიფ სთედიუმზე“ მატჩი 23:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

„ჩელსი“

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალ გზაზე „ჩელსიმ“ ექვსიდან ხუთი თამაში („ბენფიკასთან“ დამატებით დროში ) მოიგო. ნახევარფინალში ლონდონელებმა „ფლუმინენსე“ 2:0 დაამარცხეს. ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ჟოაო პედრომ თავის მშობლიურ კლუბს ორი გოლი გაუტანა და „ჩელსი“ ფინალში გაიყვანა.

ლონდონელებმა D ჯგუფში „ფლამენგოსთან“ 1:3 წააგეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს – ენცო მარესკას გუნდს პლეი ოფში, პსჟ-თან შედარებით, იოლი ბადე შეხვდა. ახლა კი კონფერენს ლიგის გამარჯვებულს მორიგ ტიტულამდე ერთი გამარჯვება აშორებს.

კვარაცხელია და პსჟ

„პარი სენ-ჟერმენისთვის“ 2025 წელი ისტორიული აღმოჩნდა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვების შემთხვევაში სეზონს სრული ტრიუმფით დაასრულებს.

„ჩელსის“ მსგავსად, ჯგუფურ ეტაპზე პარიზელებმაც ერთი თამაში წააგეს „ბოტაფოგოსთან“ (0:1), თუმცა პლეი ოფში „ინტერ მაიამისთან“ (4:0), მიუნხენის „ბაიერნთან“ (2:0) და მადრიდის „რეალთან“ (4:0) რეალური ძალა აჩვენეს და ფინალამდე ისე მივიდნენ, საკუთარ კარში ბურთი არ მიუღიათ.

ასეთი უპირატესობა საფრანგეთის ჩემპიონისთვის ჩვეულებრივი ამბავი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის „ინტერი“ 5:0 დაამარცხა. ლუის ენრიკე კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებას მეორე კლუბთან ერთად შეეცდება – 2015 წელს ამ ტიტულს მისი გაწვრთნილი „ბარსელონა“ დაეუფლა.

პრობლემები

„ჩელსის“ ტრავმის შემდეგ მოიზეს კაისედო უბრუნდება, თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმები კვლავაც აწუხებთ, ბადიაშილესა და მადუეკეს თამაშიც საეჭვოა. მიუხედავად ამისა, მარესკას შეუძლია, ლივაი კოლვილსა და ლიამ დელაპს დაეყრდნოს, რომლებიც ნახევარფინალში დისკვალიფიცირებულნი იყვნენ.

პრობლემები აქვს პსჟ-საც – ვილიან პაჩო და ლუკას ერნანდესი შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ. პაჩოს, სავარაუდოდ, კვლავ ლუკას ბერალდო შეცვლის და მარკინიოსს შეუწყვილდება. „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტმა, უსმან დემბელემ „რეალის“ წინააღმდეგ პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში და პარიზელთა შეტევების ერთ-ერთი ლიდერი ალბათ ახლაც ის იქნება.