მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში სოციალურ ქსელებში რასიზმსა და ისლამოფობიას აღვივებს, განსაკუთრებით – ლამინ იამალის მიმართ
პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ, ლამინ იამალი გამარჯვებას აღნიშნავს
რასიზმის მონიტორინგის ესპანურმა ცენტრმა ივნისში სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის შემცველი 40 000-ზე მეტი შეტყობინება დააფიქსირა
შეურაცხმყოფელი და სიძულვილის გამომხატველი კომენტარების თითქმის 90 პროცენტი ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის ადამიანებისკენაა მიმართული
ახლახან დასრულებულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ყველაფერი მისასალმებელი არ ყოფილა – სოციალურ ქსელებში რასისტული და ისლამოფობიური შეტყობინებების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ დაფიქსირდა, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ესპანელ ფეხბურთელ ლამინ იამალის, ასევე სხვა მოთამაშეებისა და ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას ინკლუზიის, სოციალური უზრუნველყოფისა და მიგრაციის სამინისტროს რასიზმისა და ქსენოფობიის ესპანური ობსერვატორია (Oberaxe), რომელმაც ივნისში სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენის 40 000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მონიტორინგის შედეგების თანახმად, სიძულვილის ენის გავრცელების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი სპორტს უკავშირდება და მას მონიტორინგის ქვეშ მყოფი კონტენტის 16 პროცენტი შეიცავს, პირველ ადგილზე კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებია, რომელთა წილი 69%-ს შეადგენს.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გამოვლენილი კონტენტის 61 პროცენტი ციფრულმა პლატფორმებმა თავად წაშალეს: ამ მხრივ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი TikTok-ზე დაფიქსირდა – წაიშალა სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების 98 პროცენტი; მას მოჰყვება X (93 პროცენტი), Facebook (62 პროცენტი), Instagram (32 პროცენტი) და ბოლო ადგილზეა YouTube (8 პროცენტი).
Oberaxe ხაზს უსვამს იამალის წარმოშობის გამო მის წინააღმდეგ მიმართული კონტენტის დიდ მოცულობას. ეს ფეხბურთელი ესპანეთის მოქალაქეა – მამის მხრიდან მაროკოული, ხოლო დედის მხრიდან ეკვატორულგვინეური წარმოშობის.
სოციალურ ქსელებში სიძულვილისა და რასისტული შინაარსის გზავნილების მიზეზი ასევე გახდა მთავრობის ბოლო ინიციატივა, რომელიც მიგრანტების ლეგალიზებას უკავშირდება, ასევე სექსუალური ძალადობის ფაქტები, ტერორიზმი და მიგრანტებით სავსე ნავების შემოსვლა…
სიძულვილის გამოხატვის თითქმის 90 პროცენტი ჩრდილოეთ აფრიკიდან ჩამოსული ადამიანებისკენაა მიმართული
ეს ყველაფერი მიმართულია მკაფიო და კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე – ჩრდილოეთ აფრიკული წარმოშობის ადამიანებზე, რომლებზეც სიძულვილის გამომხატველი გზავნილების თითქმის 90 პროცენტი მოდის. ამ შეურაცხყოფებისა და კომენტარების 88 პროცენტი სწორედ ამ სეგმენტზეა მიმართული, რაც მაისის მაჩვენებელზე ათი პროცენტული პუნქტით მეტია.
მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული გზავნილები მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი კონტენტის 11%-ს შეადგენდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 14 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აფრიკული წარმოშობის ადამიანების წინააღმდეგ მიმართული კონტენტის წილიც შემცირებულია (4 პროცენტული პუნქტით) და 7%-მდე ჩამოვიდა.
კვლევაში ასევე საუბარია ლათინური ამერიკიდან ჩამოსული ადამიანებისა და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებზე, თუმცა, მათ შემთხვევაში, პროცენტული მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია.
გზავნილების 90 პროცენტი აგრესიული ენის შემცველია
ობსერვატორიის კვლევა მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ გზავნილების რაოდენობა, რომლებიც ადამიანების დეჰუმანიზაციას ან მათ მძიმე ფორმით დამცირებას ემსახურება. ასეთი შინაარსის მასალა მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი კონტენტის 48%-ს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 25 პროცენტული პუნქტით მეტია.
ამასთან, სამიზნე ჯგუფების საფრთხედ წარმოჩენის შემცველი გზავნილები მთლიანი კონტენტის 32%-ს შეადგენდა, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებისკენ მოწოდებები – 10%-ს.
ამ ტიპის კონტენტი მკვეთრად გამოხატული აგრესიულობით გამოირჩევა. გაანალიზებული მასალის 89% შეიცავდა აშკარად აგრესიულ ენას, მათ შორის შეურაცხყოფას, მუქარას ან დამამცირებელ გამონათქვამებს, ხოლო 10%-ში დისკრიმინაციული გზავნილების გასავრცელებლად ირონია ან სარკაზმი იყო გამოყენებული.
ამასთან, კონტენტის 32% მოიცავდა სურათებს, ვიდეოებს, მემებს ან კოდირებულ ენას, რაც ასეთ გზავნილების ვირუსულად გავრცელებას უფრო აადვილებს და, ამავე დროს, მათ გამოვლენას ართულებს.