მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე 48 გუნდის საკითხი ივნისში გადაწყდება
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ივნისამდე გადაწყვეტს – საჭიროა თუ არა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეთა რიცხვის 48 გუნდამდე გაზრდა. პლანეტის პირველობა პირველად გაიმართება არა ზაფხულში, არამედ 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ყატარის სტადიონებზე.
„რთული იქნება ყატარში 48-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზება, რადგან ეს არის პატარა ქვეყანა. შესაბამისად, შეიძლება იმაზე მსჯელობა, რომ მატჩები მეზობელ ქვეყნებშიც გაიმართოს. ყატარი მზად არის განიხილოს სხვა ქვეყნების მიწვევის საკითხი. და თუ მოხერხდება 48-გუნდიანი ტურნირის ორგანიზება, ეს ძალიან კარგი იქნება, თუ არ გამოვა, არც ეს იქნება ტრაგედია. უნდა გადავწყვიტოთ ამა წლის ივნისამდე“.
აღვნიშნავთ, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება – მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გაზარდოს მონაწილეთა რიცხვი 48-მდე.