მსოფლიო თასი იაპონიის გამარჯვებით გაიხსნა | იაპონია 2019 [ვიდეო]

იაპონიაში დღეს რაგბის მეცხრე მსოფლიო თასი დაიწყო, რომლის გახსნით შეხვედრაშიც ტურნირის მასპინძელი რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 30:10 დაამარცხა.

მატჩში ფავორიტად „მამაცი საკურები“ მიიჩნეოდნენ, მაგრამ ტუპოს შეცდომის შემდეგ ანგარიში გოლოსნიცკიმ ლელოთი გახსნა. იაპონელებმა მეტოქეს მაცუშიმას ლელოთი მალევე უპასუხეს, მაგრამ ტაიმის მიწურულამდე წინ გასვლა ვეღარ მოახერხეს. 38-ე წუთზე თავი კვლავ მაცუშიმამ გამოიჩინა და მასპინძლები პირველად დააწინაურა.

დაპირისპირების მეორე ნახევარში იაპონელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა – ოსტრიკოვის შეცდომას მასპინძლების მესამე ლელო მოჰყვა, რომელმაც თამაშში ინტრიგა მოკლა. ტურნირის პირველი შეხვედრის დასრულებამდე მაცუშიმამ ჰეთთრიკი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

იაპონელებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს, ბონუს ქულა მოიპოვეს და ჯგუფს ხუთი ქულით ლიდერობენ. „ა“ ჯგუფის მომდევნო მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება და მასში ერთმანეთს ირლანდია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

დატოვე კომენტარი