მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „პარი სენ-ჟერმენი“ მესამე ტურშიც, სავარაუდოდ, უსმან დემბელეს გარეშე ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „პარი სენ-ჟერმენი“ მესამე ტურშიც, სავარაუდოდ, უსმან დემბელეს გარეშე ითამაშებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა, დიდი ალბათობით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში „სიეტლ სანდერსთან“ გუნდს მაინც ვერ დაეხმარება, — ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

„„ბოტაფოგოსთან“ 0:1 მარცხის შემდეგ, ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენმა“ ირვინში, კალიფორნიაში ივარჯიშა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მიმდინარეობისას პირველად უსმან დემბელემ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მიიღო საწვრთნელ პროცესში მონაწილეობა.

თავდამსხმელი პსჟ-ს ამერიკაში მიმდინარე ტურნირის პირველ შეხვედრებში ვერ დაეხმარა, რადგან ივნისის დასაწყისში ერთა ლიგის ფინალში, ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო.

„პარი სენ-ჟერმენი“ მესამე ტურში „სიეტლ სანდერსს“ დაუპირისპირდება და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლისთვის იბრძოლებს. მიუხედავად ამისა, პსჟ-iს სამწვრთნელო შტაბი თავდამსხმელის ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს და სიფრთხილის გამო დემბელეს ამერიკული გუნდის წინააღმდეგ არ ათამაშებს“, — წერს ფრანგული ტელეკომპანიის ვებგვერდი.

პსჟ მესამე ტურის შეხვედრას 23 ივნისს ჩაატარებს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ამერიკულ „სიეტლ სანდერსს“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ეთერში ხილვა პირველ არხზე შეგიძლიათ.