მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | მადრიდის „რეალისა“ და „ალ ჰილალის“ მატჩი ფრედ დასრულდა, „იუვენტუსმა“ „ალ აინს“ ხუთი გოლი გაუტანა #1TVSPORT
აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.
G ჯგუფი წარმატებულად დაიწყო ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, „მანჩესტერ სიტიმ“. ხოსეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდმა მაროკოს წარმომადგენელი „ვიდადი“ 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, თავი ფოდენმა და დოკუმ გამოიჩინეს.
ამავე ჯგუფში ტურინის „იუვენტუსმა“ არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს, „ალ აინს“ 5:0 მოუგო. პირველივე ტაიმში სხვაობა ოთხბურთიანი იყო. შეხვედრაში ორჯერ რანდალ კოლო-მუანიმ გაიტანა, ორჯერ – ფრანსისკო კონსეისაუმ, ხოლო ერთხელ – ქენან ილდიზმა. შედეგად, ჯგუფის ლიდერი „იუვენტუსია“, მეორე ადგილს კი „სიტი“ იკავებს.
H ჯგუფში მადრიდის „რეალმა“ ტურნირიზე თავისი პირველი მატჩი საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან“ 1:1 ითამაშა. ეს შეხვედრა გუნდის ახალი მწვრთნელისთვის, ხაბი ალონსოსთვის სადებიუტო იყო. „რეალი“ 34-ე წუთზე ახალგაზრდა თავდამსხმელმა, გონსალო გარსიამ დააწინაურა, ხოლო ტაიმის მიწურულს პენალტით ანგარიში რუბენ ნევეშმა გაათანაბრა. მეორე ტაიმში მოედანზე არაფერი შეცვლილა.
თავისი მატჩი აღნიშნულ ჯგუფში მოიგო ავსტრიულ „ზალცბურგმა“, რომელმაც მექსიკურ „პაჩუკას“ 2:1 სძლია. მატჩში ანგარიში გლოუხმა გახსნა და ევროპელები დააწინაურა. „პაჩუკამ“ წონასწორობა 56-ე წუთზე გონსალესის გოლით აღადგინა, ხოლო საბოლოო ანგარიში 76-ე წუთზე ონისივომ დააფიქსირა, რითიც „ზალცბურგი“ ჯგუფის ლიდერი გახდა. მეორე ადგილს „რეალი“ და „ალ ჰილალი“ იყოფენ.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:
19 ივნისი, 20:00 | „პალმეირასი“ – „ალ აჰლი“ (A ჯგუფი)
19 ივნისი, 23:00 | „ინტერ მაიამი“ – „პორტუ“ (A ჯგუფი)
20 ივინისი, 02:00 | „სიეტლ სანდერსი“ – „ატლეტიკო“ (B ჯგუფი)
20 ივნისი, 05:00 | პსჟ – „ბოტაფოგო“ (B ჯგუფი)
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.