მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „დორტმუნდმა“ „მამელოდი“ დაამარცხა, „ინტერმა“ „ურავას“ ბოლო წუთებზე მოუგო #1TVSPORT
აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა, მილანის „ინტერმა“ E ჯგუფში იაპონური „ურავა რედსი“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 ბოლო წუთებზე დაამარცხა. ევროპელთა მხრიდან გამარჯვების გოლი 90+2-ე წუთზე კარბონიმ გაიტანა, მანამდე თავი ვატანაბემ და ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინეს.
იმავე ჯგუფში არგენტინული „რივერ პლეიტისა“ და მექსიკური „მონტერეის“ მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. შედეგად, E ჯგუფში ბოლო ტურის წინ „ინტერი“ და „რივერ პლეიტი“ 4-4 ქულით პირველ ადგილს იყოფენ, მესამე პოზიციას 2 ქულით „მონტერეი“ იკავებს, ხოლო „ურავას“ ჯერ ქულა არ აქვს.
F ჯგუფში „დორტმუნდმა“ 4:3 მოუგო „მამელოდი სანდაუნსს“. აფრიკელთა კარში გოლები ნმეჩამ, გირასიმ და ჯობ ბელინგემმა გაიტანეს, ავტოგოლია მუდაოს ანგარიშზე. „მამელოდის“ მხრიდან კი თავი რიბეირომ, რეინერსმა და მოტიბამ გამოიჩინეს. გერმანული გუნდი შეხვედრის 59-ე წუთისთვის 4:1 იგებდა და მეტოქემ ორი გოლის გატანა შემდეგ მოახერხა.
ამ ჯგუფში ასევე უხვგოლიანი გამოვიდა „ფლუმინენსესა“ და „ულსანის“ მატჩი, ბრაზილიურმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა. „ფლუმინენსეს“ მხრიდან გოლების გატანა არიასმა, ნონატომ, ფრეიტესმა და კენომ შეძლეს, ხოლო სამხრეთკორეელთაგან – ლიმ და უმმა. F ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 4-4 ქულით „ფლუმინენსე“ და „დორტმუნდი“ ლიდერობენ, 3 ქულა აქვს „მამელოდის“, 0 – „ულსანს“.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:
22 ივნისი, 20:00 | „იუვენტუსი“ – „ვიდადი“ (G ჯგუფი)
22 ივნისი, 23:00 | „რეალ მადრიდი“ – „პაჩუკა“ (H ჯგუფი)
23 ივნისი, 02:00 | „ზალცბურგი“ – „ალ ჰილალი“ (H ჯგუფი)
23 ივნისი, 05:00 | „მანჩესტერ სიტი“ – „ალ აინი“ (G ჯგუფი)
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.