მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „ჩელსიმ“ „ლოს ანჯელესი“ დაამარცხა, „ბოკა ხუნიორსისა“ და „ბენფიკას“ მატჩში მსაჯმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა #1TVSPORT
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი | „ჩელსიმ“ „ლოს ანჯელესი“ დაამარცხა, „ბოკა ხუნიორსისა“ და „ბენფიკას“ მატჩში მსაჯმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა #1TVSPORT

აშშ-ში 2025 წლის ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება.

C ჯგუფის შეხვედრაში არგენტინულ „ბოკა ხუნიორსსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, შეხვედრის მანძილზე მსაჯმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა. პირველ ტაიმში მექსიკელმა არბიტრმა, სეზარ არუტო რამოსმა სათადარიგოთა სკამზე მყოფი ანდერ ერერა გააძევა, რომელიც მის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, ხოლო მეორე ტაიმში უხეშობისთვის წითელი ბარათები ფიგასა („ბოკა ხუნიორსი“) და ბელოტის („ბენფიკა“) უჩვენა.

მატჩი არგენტინელთა უპირატესობით დაიწყო და 27 წუთისთვის „ბოკა ხუნიორსი“ 2:0 იგებდა, გოლები მიგელ მერენტიელისა და როდრიგო ბატალიას ანგარიშზეა. „ბენფიკამ“ ანხელ დი მარიას ზუსტად შესრულებული პენალტით ტაიმის მიწურულს ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 84-ე წუთზე ოტამენდიმ ევროპელებს ქულა მოუტანა – 2:2. შედეგად, C ჯგუფში ლიდერი „ბაიერნია“ 3 ქულით, ხოლო თითო ქულა „ბოკა ხუნიორსსა“ და „ბენფიკას“ აქვთ. ბოლო ადგილზე უქულოდ „ოკლენდ სიტია“.

D ჯგუფში თავისი მატჩი დამაჯრებელად მოიგო ლონდონის „ჩელსიმ“. ინგლისურმა გუნდმა პედრო ნეტუსა და ენცო ფერნანდესის გოლებით ამერიკული „ლოს ანჯელესი“ 2:0 დაამარცხა. იმავე ჯგუფში იმავე ანგარიშით ბრაზილიურმა „ფლამენგომ“ „ესპერანს ტუნისს“ სძლია. გოლები დე არასკაეტამ და ლუის არაუხომ გაიტანეს.

შედეგად, D ჯგუფში 3-3 ქულით „ჩელსი“ და „ფლამენგო“ გალიდერდნენ, ხოლო აფრიკული და ამერიკული გუნდები უქულოდ არიან.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2025 | ტურის განრიგი:

17 ივნისი, 20:00 | „ფლუმინენსე“ – „დორტმუნდი“ (F ჯგუფი)

17 ივნისი, 23:00 | „რივერ პლეიტი“ – „ურავა რედსი“ (E ჯგუფი)

18 ივინისი, 02:00 | „ულსანი“ – „მამელოდი სანდაუნსი“ (F ჯგუფი)

18 ივნისი, 05:00 | „მონტერეი“ – მილანის „ინტერი“ (E ჯგუფი)

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა პირველი არხის პლატფორმებზე შეგიძლიათ.