მსოფლიო რაგბიმ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები შეარჩია
მსოფლიო რაგბიმ 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებისთვის მსაჯთა ბრიგადები შეარჩია

ბორჯღალოსნები იაპონიაში პირველ მატჩს 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე უელსის წინააღმდეგ გამართავენ. ქალაქ ტოიოტაში რეფერი ინგლისელი ლუკ პირსი იქნება, რომელიც 2017 წელს საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას სჯიდა. ის 2014 წლის ნოემბერში ირლანდიასთან ტესტისას გვერდითი მსაჯი იყო.

უელსთან პირსს კიდეებიდან ახალზელანდიელი ბენ ოკიფი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ასევე ინგლისელი როან კიტი იქნება.

29 სექტემბერს, კუმაგაიაში საქართველოსა და ურუგვაის შეხვედრას ასევე ინგლისელი უეინ ბარნსი განსჯის. ბარნსი ნაიჯელ ოუენსთან ერთად მსოფლიო რაგბიში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივცემული მსაჯია. ის საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების ერთობლივი ვარჯიშისას მსაჯად იყო მიწვეული. მას კიდეებიდან ახალზელანდიელი პოლ უილიამსი და ფრანგი ალექსანდრ რუიზი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერია.

პოლ უილიამსი 3 ოქტომბერს საქართველოსა და ფიჯის შეხვედრაში უკვე ცენტრალური მსაჯი იქნება. მას კიდეებიდან სამხრეთაფრიკელი ჯაკო ფეიფერი და ინგლისელი მეთიუ ქერლი დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი ინგლისელი გრეემ ჰიუსია. თამაში ოსაკაში ჩვენი დროით 09:15 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს შიზუოკაში, ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ და რეფერი ფრანგი პასკალ გოზეა, რომელმაც 2014 წელს საქართველო-ტონგას ტესტ-მატჩი იმსაჯა. მას კიდეებიდან ასევე ფრანგი ჟერომი გარსეზი და იაპონელი სუჰეი კუბო დაეხმარებიან, ხოლო ვიდეორეფერი სამხრეთაფრიკელი მარიუს იონკერია.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი