მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბრეტ რობინსონი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა #1TVSPORT
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბრეტ რობინსონი ესტუმრა. საპატიო სტუმარი პირველი არხის მენეჯმენტის წარმომადგენლებს, რუსუდან მანჯგალაძესა და ნოდარ ჭიჭინაძეს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოში რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელიც თბილისსა და ქუთაისში 27 ივნისს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება.
ამასთან, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მედიის როლს რაგბის განვითარებაში.
„საქართველოში ხუთი დღის წინ ჩამოვედი და შესანიშნავი შთაბეჭდილებებით ვარ. ვიყავი ქუთაისში, სადაც ტურნირის პირველ რაუნდს დავესწარი, დავესწარი ავსტრალიის ნაკრებში ჩემი შვილის თამაშს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებით, ჩვენ რაგბის მსოფლიოს ვაცნობთ. ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ადამიანებს ამ შესანიშნავი სპორტის ყურების შესაძლებლობას აძლევს, საბოლოოდ მის განვითარებას უწყობს ხელს. რაგბი უდიდესი, გლობალური თამაშია, რომელსაც საფუძვლად უდევს გუნდურობა, კავშირი, თავგანწირვა. ამას ვხედავ ქართულ რაგბიში, ამ სულისკვეთებას ატარებს“, – აღნიშნა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის რეპორტაჟები სრულად გადაიცემა პირველი არხი სპორტსა და პირველი არხის სოციალური მედიით.
ინტერვიუს სრულად „ტაიმაუტში“ ნახავთ.
