მსოფლიო რაგბის ოფიციალური გვერდი ქართველ მორაგბეებზე სტატიას აქვეყნებს
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გვერდი ქართველ მორაგბეებზე სტატიას აქვეყნებს და ბორჯღალოსნების დადებით მხარეებზე საუბრობს. სტატიის ავტორის აზრით, ტრადიციულად, ქართველები ძირითად აქცენტს შერკინებასა და მოლზე აკეთებდნენ, თუმცა ბოლო დროს გამოჩენილი ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეები იმის მანიშნებელია, რომ უახლოეს მომავალში საქართველო მეტოქეებს სხვა მიმართულებებითაც მიაყენებს საგრძნობ ზიანს.
სტატიაში განსაკუთრებით გამოარჩევენ ვასილ ლობჟანიძეს, გელა აფრასიძესა და თედო აბჟანდაძეს.
„თედო აბჟანდაძეს ინსტინქტები აქვს განვითარებული და ახალგაზრდა ასაკისთვის ძალიან კარგად ესმის თამაში“, – მოჰყავს სტატიის ავტორს ლელოების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის სიტყვები, – „ის ძალიან ადვილად გადავიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან ძირითად ნაკრებში და მიგვაჩნია, რომ ნამდვილად შეუძლია მართლაც მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდეს“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, 2017 და 2018 წლებში აბჟანდაძემ 20-წლამდელთა ჩემპიონატის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და წელს შეუძლია დაეხმაროს საქართველოს ნაკრებს, რომელიც ეცდება შარშანდელი მეცხრე ადგილი გააუმჯობესოს.