მსოფლიო რაგბის განცხადება - „ერთა ჩემპიონატზე“ ორი დივიზიონი იქნება და დაწინაურების შანსი ყველას მიეცემა
მომავალ კვირას ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაგეგმილი შეხვედრის წინ, „მსოფლიო რაგბიმ“ გადაწყვიტა ნათელი მოჰფინოს თავის პოზიციას ყოველწლიური გლობალური ტურნირის სტრუქტურისა და მახასიათებლების შესახებ. როგორც ამ სპორტის სახეობის საერთაშორისო ფედერაცია, „მსოფლიო რაგბი“ თავდადებით მუშაობს, რათა მოთამაშეებისთვის, კლუბებისთვის, გულშემატკივრებისთვის და ეროვნული რაგბის კავშირებისთვის უკეთეს მომავალს ჩაუყაროს საფუძველი.
„მსოფლიო რაგბის“ მიზანი ყოველთვის იყო, შეექმნა –
- საუკეთესო გარემო და შესაძლებლობები მოთამაშეებისთვის.
- ისტორიაში პირველი გზა განვითარებადი რაგბის კავშირებისთვის, რათა მათ ყოველწლიურ უმაღლესი დონის ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა.
- საუკეთესო გარემო გულშემატკივრებისთვის, უფრო მიმზიდველი კალენდრის შექმნით.
- ეროვნული რაგბის კავშირების ფინანსური სტაბილურობა.
- ჰარმონიზაცია საკლუბო რაგბისთან
- შემოსავლების მაქსიმიზაცია ყველა დონეზე.
რაგბის სატრანსლაციო ბაზარი დღეს საკმაოდ რთულია, რაც ხელს უშლის მოთამაშეებს, გულშემატკივრებს, კავშირებსა და კლუბებს, მისი სრული პოტენციალი გაითავისონ. „მსოფლიო რაგბი“ ამ მნიშვნელოვან საქმეს იმისთვის შეუდგა, რომ სპორტის ამ სახეობის გრძელვადიანი ზრდა და სტაბილურობა უზრუნველყოს, მათ შორის უფრო კონკურენტუნარიანი გარემო. სწორედ ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ ტურნირის მოდელს, რომელიც კავშირების აღმასრულებლებთან და ორგანიზაცია რაგბის მოთამაშეებთან ერთად 2018 წლის სექტემბერში შევიმუშავეთ.
- „ერთა ჩემპიონატის“ დებიუტი – 2022 წელი.
- „6 ერი“, „რაგბი ჩემფიონშიფი“, ასევე ბრიტანეთისა და ირლანდიის ლომები შენარჩუნებულია კალენდარში, როგორც მარგალიტები.
- ორი დივიზიონი, დაქვეითებისა და აღზევების ფორმატით, პოტენციურად ყველა კავშირისთვის.
- ორი კონფერენცია, რომლებიც შეიცავს „6 ერსა“ და „რაგბი ჩემფიონშიფს“ (სადაც მეორე დივიზიონის ორი გუნდი დაუყოვნებლივ დაემატება, რათა ექვსი გუნდი შენარჩუნდეს).
- თითოეული გუნდი ეთამაშება დანარჩენ 11-ს ერთხელ, შინ ან სტუმრად.
- ორ-ორი გუნდი თითოეული კონფერენციიდან ითამაშებს ნახევარფინალებს, რომელსაც დიდი ფინალი მოჰყვება.
- ტურნირი სრულად ყოველ ოთხ წელში ორჯერ გაიმართება. „მსოფლიო თასის“ წელს ახალ ტურნირს ვერ ვიხილავთ, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წელს კი განიხილება ახალი შეჯიბრის შემოკლებული ვერსიის ჩატარება
- სამაუწყებლო უფლებები კოლექტიურად გაიყიდება, რაც შემოსავლების პოტენციალს გაზრდის. სასპონსორო უფლებების ნაწილი ცენტრალიზებული იქნება
- ტურნირს მიენიჭება „მსოფლიო თასის“ საკვალიფიკაციო ეტაპის ფუნქციაც
- „მსოფლიო თასი“ დარჩება უმთავრეს სარაგბო ღონისძიებად და 2027 წლისთვის მისი მონაწილეთა 24-ამდე გაზრდა იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ტურნირის შემოთავაზებული ფორმატი ყველა ქვეყანას აძლევს საშუალებას მიაღწიოს უმაღლეს დონეს და დაუპირისპირდეს საუკეთესო გუნდებს. მოდელის მიხედვით, წყნარი ოკეანის კუნძულები და ის ქვეყნები, რომლებიც არ მონაწილეობენ „ექვსი ერის“ და „რაგბი ჩემფიონშიფის“ ტურნირებში, მიიღებენ პირველი რანგის ქვეყნებთან უფრო ხშირად თამაშის შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა არ ეთანხმება დაქვეითება/დაწინაურების მოდელს. ჩვენ ვუსმენთ შესაბამისი ქვეყნების კავშირებს, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, სამართლიანი შანსი ყველას უნდა მიეცეს.
ცვლილებები ყოველთვის რთულია და არავინ ელოდა, რომ გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებდით, თუმცა იმისათვის, რომ სპორტმა ზრდა განაგრძოს, ჩვენ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ინოვაციური ვარიანტები და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება.