მსოფლიო რაგბიმ საუკეთესოები დაასახელა
მსოფლიო რაგბიმ საუკეთესოები დაასახელა

რაგბიში მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ტოკიოში წლის შემაჯამებელი საღამო გაიმართა, სადაც გასული წლის საუკეთესოები დააჯილდოვეს.

2019 წლის გამორჩეულ მორაგბედ ხუთ ნომინანტს შორის, პიტერ სტეფ დუ ტოი დაასახელეს. სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების წევრმა ეროვნულ გუნდთან ერთად წელს მსოფლიოს თასი მოიგო. 2016 წლიდან დუ ტოი ზე რაგბის კლუბ შტორმერზში ასპარეზობს. ნაკრებში მას 2013 წლიდან 53 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ხუთი ლელოს დადება მოახერხა. მსგავსი ჯილდო აფრიკელ მორაგბეს 2007 წელს გადასცეს, მაშინ თავი ბრაიან ჰაბანამ გამოიჩინა.

2019 წლის საუკეთესო გუნდი სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გახდა. წლის მთავარი ჯილდო „ქურციკების“ კაპიტანმა სია კოლისიმ ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკამ ტურნირის პირველივე მატჩი ახალ ზელანდიასთან დათმო, საოცარი მსოფლიო თასი ჩაატარა. ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილის მიუხედავად, პლეიოფში მათ ჯერ მასპინძელ იაპონიას აჯობეს, ნახევარფინალში სამ ქულიანი სხვაობით უელსელები დაამარცხეს და ფინალში ახალი ზელანდიის მომგებ ინგლისს დაუპირისპირდნენ, რომელსაც ანგარიშით 32:12 მმოუგეს. სამხრეთ აფრიკა მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით ახალ ზელანდიას გაუთანაბრდა. აფრიკელებს წლის გუნდის ტიტული ბოლოს 2009 წელს ჰქონდათ მიღებული.

წლის საუკეთესო მწვრთნელად 47 წლის რასი ერასმუსი აღიარეს, რომელიც სამხრეთ აფრიკის სათავეში წელიწადნახევრის წინ ჩაუდგა და გუნდი მსოფლიო თასამდე მიიყვანა.

საუკეთესო ლელოს ავტორი ახალ ზელანდიის ნაკრების მორაგბე ტიჯეი პირენარა გახდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ნამიბია ვებერის გადაცემით ეფექტურად დაალელოვა.

წლის საუკეთესო ქალი მორაგბე ინგლისის ნაკრების და ლიჩფილდის ფულბეკი, პროფესიით მასწავლებელი ემილი სკარატი გახდა. 29 წლის სპორტსმენს ინგლისის ნაკრებში 74 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 378 ქულაა. სკარატი ინგლისის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს, 2014 წელს გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი და საუკეთესო მექულე გახდა. 15 ქალა რაგბის გარდა, სკარატი შვიდ ქალა რაგბისაც თამაშობს და დიდ ბრიტანეთს 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა.

წლის საუკეთესო მსაჯის წოდების მფლობელი ინგლისელი რეფერი უეინ ბარნსი გახდა. 40 წლის არბიტრმა წლეულს ინგლისის პრემიერლიგის და ჩელენჯ ქაფის ფინალები იმსაჯა. გასულ მსოფლიო თასზე კი, ახალ ზელანდიასა და უელსს შორის მე-3 ადგილისთვის მატჩის მთავარი მსაჯი იყო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის წოდება საფრანგეთის ნაკრების წევრმა რომეინ ნტამაკმა მიიღო. 20 წლის მორაგბემ ფრანგული ტულუზის რიგებში ტოპ-14 მოიგო, ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გასულ მსოფლიოს თასზე ჰქონდა და 52 ქულა მოაგროვა. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან „ლე ბლესთან“ ერთად მეოთხედფინალამდე მისვლა მოახერხა.