„მსოფლიო რაგბი“ მიიჩნევს, რომ მსოფლიო თასზე მსაჯობა არადამაკმაყოფილებელია
„მსოფლიო რაგბი“ მიიჩნევს, რომ მსოფლიო თასზე მსაჯობა არადამაკმაყოფილებელია

რაგბის მსოფლიო თასზე მსაჯობა დამაკმაყოფილებელი არ არის, აცხადებენ სპორტის ამ სახეობის მმართველ ორგანოში. „მსოფლიო რაგბიმ“ დღეს, 24 სექტემბერს, უპრეცედენტო ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურნირის პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე საკამათო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

„მსაჯები აღიარებენ, რომ მათი ქმედებები არ შეესაბამებოდა მათივე და „მსოფლიო რაგბის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს“, – ნათქვამია განცხადებაში, თუმცა იქვე იმედია გამოთქმული, რომ მომდევნო დღეებში ყველაფერი გამოსწორდება.

ერთ-ერთი ინციდენტი, როდესაც მსაჯები სათანადო სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდნენ, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მიმდინარე მატჩის დროს მოხდა: ავსტრალიელი რის ჰოჯი მეტოქეს წესების დარღვევით შეეჯახა და ამ უკანასკნელმა თავის ტრავმით მოედანი დატოვა, თუმცა დამრღვევს შესაბამისის სასჯელი არ მიუღია.

„მსოფლიო რაგბის“ ადრეც უსაყვედურია კონკრეტული მსაჯებისთვის საჯაროდ, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათი კრიტიკის სამიზნე ტურნირის მსაჯთა მთელი წარმომადგენლობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყო და პირდაპირი რეპორტაჟების ხილვა საქართველოს პირველი არხის საშუალებით არის შესაძლებელი.