მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის შესახებ სტატიას აქვეყნებს | იაპონია 2019
მსოფლიო რაგბი მამუკა გორგოძის შესახებ სტატიას აქვეყნებს | იაპონია 2019

„მამუკა გორგოძე ნაკრებს დაემშვიდობება, როგორც კი საქართველოს ეროვნული გუნდი წლევანდელ მსოფლიო თასზე გამოსვლას დაასრულებს, თუმცა ქარიზმატული გიგანტის საკლუბო კარიერა უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო“, – წერია სტატიაში, რომელიც მსოფლიო რაგბის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. „ფრანგულ „ტულონში“ მოთამაშე გორგოძე ამბობს, რომ ის, ვინც ტოპ 14-ში გამოდის, მსოფლიო ჩემპიონატზეც უპრობლემოდ გამოვა და რთულია, მას არ დაეთანხმო: მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ სამ მატჩში ქართველმა გოლიათმა 19 შებოჭვა გააკეთა და მათგან წარმატებული 95% იყო. ეს საუკეთესო მაჩვენებელია საქართველოს ნაკრებში“.

სტატიის ავტორი ასევე  აღნიშნავს, რომ ავსტრალიის წინააღმდეგ გამართული მატჩი გორგოძისთვის მე-15 იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, რითაც ის მერაბ კვირიკაშვილის მიღწევას გაუთანაბრდება. ამასთანავე, როგორც სტატიაშია ნათქვამი, მამუკა არ აპირებს საკლუბო კარიერის დასრულებას, რაც 2019-2020 წლების სეზონის დასრულებისთანავე ჰქონდა გადაწყვეტილი, ანუ ზუსტად მაშინ, როდესაც „ტულონთან“ კონტრაქტი ამოეწურება.

„როდესაც ეს ვთქვი, ტრავმები მაწუხებდა და იმედი არ მქონდა, რომ გაგრძელებას შევძლებდი. ახლა კი თავს მშვენივრად ვგრძნობ. მიუხედავად ამისა, თავად ახალი კლუბის ძებნას არ დავიწყებ. თუ ვინმეს მოუნდება, რომ ამიყვანოს, სიამოვნებით დაველაპარაკები“, – ამბობს გორგოძე და იქვე აღნიშნავს, რომ მანამდე საქართველოში დაბრუნება სურს, სადაც ალბათ, რაიმე სახის ბიზნესს წამოიწყებს.

სტატიის ბოლოს გორგოძე საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩის შესახებ გამოთქვამს აზრს:

„ავსტრალია უდიდესი გუნდია. ჩვენ ძალიან ვართ მონდომებულები და დასაკარგიც არაფერი გვაქვს. მსოფლიო თასზე მონაწილეობა უკვე სასიხარულოა და ავსტრალიის დარ გუნდთან თამაში – განსაკუთრებით“.