მსოფლიო ქვიშის თამაშებზე ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მსოფლიო ქვიშის თამაშებზე საქართველო მხოლოდ ქვიშის ჭიდაობაში იყო წარმოდგენილი და ქართველმა ფალავნებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ამ შედეგით საქართველო 97 მონაწილე ქვეყანას შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე გავიდა-განაცხადა სპორტულ თოქ-შოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას მსოფლიო ქვიშის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა და დასძინა, რომ მამუკა კორძაიასთან ერთად დოჰაში გამოსვლა სრული ტრიუმფით დაასრულეს.
70კგ. წონითი კატეგორიის ჩემპიონმა ლევან ქელეხსაშვილმა მადლიერება გამოხატა მამუკა გორგოძის მიმართ, რომელიც დოჰაში ქართველ ფალავნებს ქომაგობდა და აღნიშნა, რომ იქ გულშემატკივრებთან ერთად პატარა საქართველოს წარმატებას ზეიმობდნენ.
ოქროს მედლის მფლობელმა დავით ხუციშვილმა კი არ გამორიცხა, რომ ქვიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტის ლაშა ლომიძის ძალისხმევით და სახელმწიფოს სრული მხარდაჭერის სანაცვლოდ სულ მალე საქართველომ ქვიშის სახეობებში საერთაშორისო რანგის შეჯიბრსაც უმასპინძლოს.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდის წევრები უკვე ხალიჩას უბრუნდებიან და დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ხოლო შედეგების მიხედვით დავით ხუციშვილი და დავით მარსაგიშვილი მზადებას უკვე სალიცენზიო ტურნირებისთვის გააგრძელებენ, არაოლიმპიური წონის ლიდერი ლევან ქელეხსაშვილი კი მომავალ წელს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იჭიდავებს.