მსოფლიო გარბენზე რეგისტრაცია 13 ნოემბერს დაიწყება

მსოფლიო გარბენზე Wings for Life World Run რეგისტრაცია 13 ნოემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. 2020 წლის 3 მაისს, უკვე მეშვიდედ, საქართველო ისევ ირბენს მსოფლიოსთან ერთად. ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში, სტარტს ლოპოტას გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ აიღებს.

მონაწილეობა შეუძლიათ სრულწლოვან მოყვარულ და პროფესიონალ ათლეტებს და ეტლით მოსარგებლეებს. საქართველოში მსოფლიო რბენაში მონაწილეობის საფასური 30 ლარია, რომელიც სრულად ირიცხება Wings for Life ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურებისთვის საჭირო კლინიკური და სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com

Wings for Life World Run უნიკალური საქველმოქმედო რბენაა. გარდა იმისა, რომ სტარტი მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს არის, რბენას არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. მონაწილეების დაფარულ მანძილს „ფინიშის მანქანა“ აღრიცხავს, რომელიც სტარტიდან 30 წუთის შემდეგ, 14 კმ/სთ იწყებს მსვლელობას და მაქსიმალურ სიჩქარეს 34 კმ/სთ განავითარებს. მონაწილისთვის რბენა სრულდება მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მას გაასწრებს და მის მიერ განვლილ მანძილს აღრიცხავს. 2020 წლის ლოკალური გამარჯვებული ქალი და კაცი თავად აირჩევენ თუ სად სურთ სირბილი 2021 წლის მსოფლიო რბენაზე.

Wings for Life World Run-ზე რეგისტრაცია 30 აპრილამდე გაგრძელდება. სახელობითი ნომრის მიღების მსურველთათვის კი, რეგისტრაცია 15 მარტს, 15:00 საათზე შეწყდება.