კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართა (ფოტოამბავი)
კახეთში საერთაშორისო მარათონი გაიმართა (ფოტოამბავი)

კახეთში, ლოპოტას ხეობის გადასახვევთან, მსოფლიო რბენა (Wings For Life World Run) გაიმართა. მარათონის მონაწილეებმა ლოპოტას ტბის ჩასახვევთან, თელავი–ყვარელის გზატკეცილზე ირბინეს. Wings for Life World Run საქველმოქმედო მარათონია, რომელიც ერთდროულად უამრავ ქვეყანაში იმართება.

მარათონს უნიკალური ფორმატი აქვს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიონალებსაც, მოყვარულ მორბენლებსაც და ეტლით მოსარგებლე ადამიანებსაც. Wings for Life World Run-ს არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტიდან 30 წუთის შემდეგ იწყებს მოძრაობას და 14კმ/სთ მოძრაობს. მისი გასწრება, რბენიდან გამოთიშვას ნიშნავს. საბოლოოდ კი იმარჯვებს ის, ვისაც ბოლოს დაიჭერს აღნიშნული მანქანა. 2019 წელს გამარჯვება მოიპოვეს ქართველმა მორბენლებმა გაიანე უსტიანმა (32,53კმ) და ლევან ჩოხელმა (53,787კმ).

აღსანიშნავია, რომ გარბენში მონაწილეობა მიიღეს Wings For Life World Run 2018 წლის გამარჯვებულებმა ტაივანიდან და სამხრეთ აფრიკიდან. სულ რეგისტრაცია 7 000-მდე მონაწილემ გაიარა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დატბორილია გასართობი სივრცე, სადაც კონცერტი უნდა გამართულიყო და სხვადასხვა აქტივობები იყო დაგეგმილი. მაგრამ მთავარია, რომ სარბენი ტრასა სრულ მზადყოფნაშია და მარათონის მონაწილეები შეუფერხებლად ირბენენ.

საქართველოში მარათონისთვის კახეთი შეირჩა – საქართველოს რეგიონი, რომელიც ცნობილია ღვინის წარმოებითა და ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებით. კახეთში ღვინოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ნეოლითურ ხანაში აწარმოებდნენ და სწორედ ამიტომ, ის მსოფლიოში ღვინის სამშობლოდა არის ცნობილი.

კავკასიონის ქედი, ალაზნის ველი, უძველესი კულტურული ძეგლები, ბუნება და კახელების სტუმართმოყვარეობა ყველას აოცებს.