მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“ (Travel & Tourism Development Index 2021).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული. საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა.

„ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა. აღნიშნული შედეგით, საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.

საქართველო აგრეთვე უსწრებს ევროკავშირის მთელ რიგ წევრ ქვეყნებს, მათ შორის ხორვატიას. საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის მიზიდულობის ცენტრებთან შედარებით“, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსს ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს. 2019 წელს კვლევაში მონაწილეობდა 140 ქვეყანა, 2021 წელს კვლევაში კი – 117 ქვეყანა.