მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის გამარჯვების აღნიშვნა ინციდენტით დასრულდა: დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
მექსიკის ქალაქ კაბო-სან-ლუკასში ასობით ადამიანი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე თავისი ეროვნული ნაკრების გამარჯვებას ზეიმობდა, როდესაც ავტომობილი, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზების გამო, „ხალხის მასაში შევარდა“. ინცინდენტის შედეგად, მინიმუმ, 17 ადამიანი დაშავდა.
ლოს-კაბოსის მუნიციპალური საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სატრანსპორტო საშუალება ადამიანთა ჯგუფით იყო გარშემორტყმული, როდესაც ის, მიზეზების გამო, რომლებსაც შესაბამისი ორგანოები დაადგენენ, ხალხის მასის მიმართულებით დაიძრა. მომხდარის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა“.
მექსიკური გაზეთი „ელ უნივერსალი“ იტყობინება, რომ დაშავებულია 17 პირი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულებს ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობენ.
კაბო-სან-ლუკასი ბახა კალიფორნიის (Baja California) შტატში მდებარე ცნობილი ზღვისპირა კურორტია. ინციდენტი ქალაქის მთავარ გზაზე იმ დროს მოხდა, რომელიც ასობით ადამიანი ჩეხეთის ეროვნული ნაკრებზე მექსიკელების გამარჯვებას (3:0) აღნიშნავდა.
შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა „ელ უნივერსალს“ განუცხადეს, რომ ავტომობილი მოზეიმეებით იყო გარშემორტყმული, როდესაც მძღოლი მოულოდნელად მანქანით ხალხის მასაში შეიჭრა.
სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ამ შეჯახების შემდეგ, ბრბომ მანქანიდან ვიღაც გადმოათრია და მასზე ფიზიკურად იძალადა.
„ამ ღამის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, მსურს ჩემი ღრმა თანაგრძნობა გამოვხატო დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ “, – განაცხადა ლოს-კაბოსის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ხოსე მანუელ ლარუმბემ და პირობა დადო, რომ საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას ინციდენტის გამოძიების შესახებ.
სტატიის ავტორი: პორტუგალიის ტელე-რადიო მაუწყებელი (RTP – Rádio e Televisão de Portugal)
ფოტოს ავტორი: საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“
თავდაპირველად გამოქვეყნდა: 25 ივნისი 2026, 14:00 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)