მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების სამივე მეტოქე გაირკვა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების სამივე მეტოქე გაირკვა #1TVSPORT

რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე ამ ქვეყნების ყველა კლუბი ფიბა-მ საერთაშორისო ტურნირებს 1 მარტს ჩამოაშორა, დღეს კი მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ზუსტად განსაზღვრა ის პროცედურები, თუ როგორ გაგრძელდება მიმდინარე საერთაშორისო სანაკრებო ტურნირები მათ გარეშე. 

რუსეთსა და ბელარუსს არაერთ სენიორთა და ასაკობრივ ტურნირში გამოჰყავდა ნაკრები და ყველას შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს და არცაა საინტერესო: ქართველ ქომაგებს უპირველესად აინტერესებთ ის შეჯიბრება, სადაც რუსეთი ჩვენი პოტენციური მეტოქე იყო და ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოც და რუსეთიც უკვე ოფიციალურად იყვნენ მეორე ეტაპზე გასულები, სადაც გაერთიანებულ ჯგუფში ერთმანეთთან უწევდათ თამაში. რუსეთი ტურნირიდან მოიკვეთა და ოთხგუნდიანი H ჯგუფიდან დარჩენილი სამივე ნაკრები – იტალია, ისლანდია და ნიდერლანდები შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ჯგუფის ყველა წევრთან რუსეთის ჩატარებული თამაშების შედეგები ანულირდა და იტალიას, ჰოლანდიას და ისლანდიას მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამ სამეულს დაემატება G ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია.

შეიქმნება საკვალიფიკაციო – 6-გუნდიანი, I ჯგუფი, სადაც პარიტეტის დაცულობის გამო ფიბა-მ ოფიციალური წესებით გათვალისწინებული მეთოდი გამოიყენა და G ჯგუფიდან გასულ გუნდებს (ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია) გაუუქმა იმ გუნდთან მოპოვებული ქულები, რომელიც ამ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს (უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია). შესაბამისად, მეორე 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა მონაწილეს ქულები თანაბარი მატჩებიდან ექნებათ აღებული. გავიმეორებთ, რომ პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფ გუნდებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან.

აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს, რომელსაც საქართველო 1 ივლისს, უკრაინასთან (ლატვიაში) და 4 ივლისს, ესპანეთთან (თბილისში) გამართავს.

დღევანდელი მონაცემებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთთან მატჩის შედეგები ანულირდა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ბოლო ადგილზეა და მასთან ნათამაშები შედეგებიც არ ითვლება, ვიღებთ ასეთ სურათს:

 

G ჯგუფი

გუნდი
ესპანეთი 2 2 0 4
საქართველო 2 1 1 3
უკრაინა 2 0 2 2

 

ჩრდილოეთ მაკედონიას 4 მატჩიდან 4 აქვს წაგებული

დარჩენილი მატჩები

1 ივლისი

უკრაინა-საქართველო

ესპანეთი-მაკედონია

4 ივლისი

საქართველო-ესპანეთი

მაკედონია-უკრაინა

7 ივლისი

უკრაინა-ესპანეთი

 

H ჯგუფი

გუნდი
იტალია 3 2 1 5
ისლანდია 3 2 1 5
ნიდერლანდები 2 0 2 2

 

დარჩენილი მატჩები

1 ივლისი

ისლანდია-ნიდერლანდები

4 ივლისი

ნიდერლანდები-იტალია

 

რაც შეეხება მომავალ ევროპის ჩემპიონატს, სადაც რუსეთი თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა მიიღებს.